უძრავი ქონების რეალიზების მაჩვენებელმა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იკლო. კომპანია Realotor.ge-ს რეალტორი ნინო ტყებუჩავა ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ინტერესის კლების ტენდენცია ნარჩუნდება. წინა წელთან შედარებით კლება დაახლოებით 30%-ია.

,,წინა წელთან მიმართებაში დაახლოებით 30%-ით იკლო უძრავი ქონების შეძენის მიმართ ინტერესმა. ზოგადად, ეს პერიოდი აქტიურია და პირიქით აქტიური უნდა იყოს. ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, აქციების პერიოდიდან მოყოლებული ნელ-ნელა მცირდება. მესაკუთრეებთან კომუნიკაცია მუდმივად გვაქვს და რაღაც ფასიდან რომ იწყება გაყიდვა, შემდეგ ის ვინ არის დაინტერესებული გაყიდვით, ის შემდგომში უკვე ფასს აკლებს. თავს იკავებენ უძრავ ქონებაში ინვესტიციით. იმიტომ კი არა, რომ ვთქვათ არეულობას ხედავენ, ზოგადად ინტერესმა იკლო და მიზეზს არ ასახელებენ.’’- აცხადებს ნინო ტყებუჩავა.

უძრავი ქონების ექსპერტი ამბობს, რომ გაყიდვების მაჩვენებელი ბოლო 6 თვის მანძილზე შემცირდა. რეალიზების შემცირების პარალელურად იკლო ფასმაც, თუმცა მესაკუთრეებს ფასის მეტად დაწევა ხელს არ აძლევთ, რადგან შემდგომში სხვა ფართის შეძენას ვეღარ შეძლებენ. შემცირებულია საცხოვრებელი ფართების გაქირავების მაჩვენებელიც.

,,ბოლო პერიოდში, დაახლოებით 6 თვეა შემცირებულია გაყიდვები. ფასების კუთხითაც დაიწია ფასებმა, მაგრამ მესაკუთრეებს უჭირთ ფასთან მიმართებაში დაწევა და ცოტა ქვემოთ წამოსვლა. იმიტომ, რომ შეძენის მომენტში თვითონ ვეღარ ყიდულობენ იმ ფასად რა ფასადაც სურთ. ფასები მოდის ქვემოთ, რადგან მყიდველი არის ძალიან ნაკლები. შემცირებულია როგორც გაყიდვებზე, ასევე ქირაც.’’- აცხადებს ნინო ტყებუჩავა.

უძრავი ქონების ბაზარზე ვითარებას ისიც ართულებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პერიოდში ქვეყანაში შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტოვებენ და შეძენილ უძრავ ქონებას ყიდიან. უძრავი ქონების ექსპერტი აცხადებს, რომ უცხოელების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შეძენაზე ინტერესი იკლებს.

,,ბევრი უცხოელი გავიდა ქვეყნიდან და შესაბამისად, პირიქით ყიდიან ბინებს და გადიან. 20 წლის კომპანია ვართ და საელჩოებთანაც ვთანამშრომლობთ და ზოგადად უცხოელებთან ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ბოლო პერიოდში უცხოელების მხრიდან იკლო ინტერესმა. პირიქით, ისინი გადიან ქვეყნიდან.’’- აცხადებს ნინო ტყებუჩავა.