ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, განწყობებსა და მოტივაციაზე, რომელიც თავად უნდა შევქმნათ იმ საქმისთვის, რომელსაც ვემსახურებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 2025 წელი ძალიან საინტერესო, პროდუქტიული და სასარგებლო წელი იყო, - ასე აფასებს გასულ წელს „ქოლგას“ დირექტორი ანა ჩანგიანი რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას და სამომავლო გეგმებზეც საუბრობს.

„ქოლგა“ არის კომპანია, რომელიც ემსახურება, პიარს, მარკეტინგს, გაყიდვებს, ივენთებს და ასე შემდეგ. „ქოლგას“ გარდა, რამდენიმე წელია, აქტიურად ვარ ჩართული კიდევ ორ კომპანიაში: „იდუმალი ბაღებსა“ და „იოვერდეში“, რომელთაც ჩემს პარტნიორთან, ნინო იოსელიანთან ერთად ვუძღვები. ჩვენი ყველა კომპანიის ძირითადი კონცეფცია, საერთო ჯამში, არის ეკომდგრადი მიმართულების პოპულარიზაცია და ამის გარდა, საქართველოს, როგორც ბრენდის პოპულარიზაცია ხელოვნების, კულტურის, ტურიზმის მიმართულებით. ამ ყველაფერში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია „იდუმალი ბაღები“, რომელიც რამდენიმე წელია, ვითარდება ძველ თბილისში, მე-17 საუკუნის უძველეს შენობაში, „ქარვასლას“ ივენთჰოლი, რომელსაც საოცარი ისტორია და ტრადიციები აქვს და თითოეული ჩვენგანისთვის საამაყოა, როგორც თბილისის სავიზიტო ბარათი. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომლის განვითარება 2025 წელს კიდევ უფრო საინტერესოდ მოვახერხეთ. მთელი სივრცე გაფორმებულია „იოვერდეს“ პროდუქტით და შემოსული დამთვალიერებელი ნამდვილ შოკს იღებს, როცა შენობაში ასეთ საოცარ გამწვანებას ნახულობს“, - აცხადებს ანა ჩანგიანი.

მისივე თქმით, კომპანიებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა წლის ბოლო პერიოდი, რადგან მჭიდრო თანამშრომლობა ჩამოყალიბდა თბილისის ისტორიის მუზეუმთან და 2026 წლისთვის უკვე ერთობლივი გეგმების განხორციელდება.

„2026 წლისთვის ვგეგმავთ, როგორც ადგილობრივები, ისე - ტურისტები, გავანებივროთ თბილისის ისტორიის შესახებ გამოფენებით, პერფორმანსებითა და საინტერესო ღონისძიებებით. შესაბამისად, ვფიქრობ, ამ მხრივ 2026 წელი ძალიან მრავალფეროვანი იქნება“, - განაცხადა ანა ჩანგიანმა.

რაც შეეხება „იოვერდეს“, როგორც ანა ჩანგიანმა აღნიშნა, კომპანია 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და სთავაზობს ინტერიერისა და ექსტერიერის გამწვანების მომსახურებას როგორც კომპანიებს, ასევე, ფიზიკურ პირებს. „იოვერდე“ პოპულარიზაციას უწევს ბუნებრივ გამწვანებას და მომხმარებელს 100%-ით ნატურალური და ბუნებრივი მცენარეებისგან დამზადებულ მარადმწვანე დეკორს სთავაზობს.