ყურადღებით ვაკვირდებით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს იმ იმედით, რომ მომავალი პროცესები ვენესუელელი ხალხის ინტერესების შესაბამისად განვითარდება, - წერია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ვენესუელის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ გაუქმებას გამოიწვევს.
„იმის გათვალისწინებით, რომ ვენესუელის ხელისუფლებამ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, გამოვთქვამთ იმედს, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ამ უკანონო გადაწყვეტილების გაუქმებას გამოიწვევს, საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.