„გუდაურში კატასტროფული მდგომარეობაა ყველა მხრივ - სტუმრების ჩამოსმა გვიწევს თოვლში და ტალახში, საიდანაც ჩემოდნებით მიდიან სასტუმრომდე”, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე ესაუბრა.
მისი თქმით, კურორტი სეზონისთვის არ მომზადებულა, რამაც ბევრი პრობლემა შექმნა.
როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, კურორტზე წელს სასიკეთო ცვლილებად მხოლოდ სქი პატრულის დაბრუნება შეიძლება ჩაითვალოს.
„გუდაურში მართლა კატასტროფული მდგომარეობაა, ყველა მხრივ. დავიწყოთ იმით, რომ ნაგავი არ გააქვთ. რატომ და როგორ არ გააქვთ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. 21-ე საუკუნეში ამაზე ლაპარაკი არ უნდა გვიწევდეს. ყველა ბუნკერთან იმდენი ნაგავია, ვერ წარმოიდგენთ, ზემოდან თოვლი დაედო, მერე ამას ძაღლები ჭამენ...
შემდეგი საკითხია - სიტუაცია გზებზე. ახალ გუდაურში ბევრი დამსვენებელია, ეს ყოველთვის ასე იყო, ახალი წლის და შობის პერიოდში სავსეა სასტუმროები. ამ რაოდენობის ხალხს რა თქმა უნდა, პარკინგის ადგილები არ ჰყოფნის, იმიტომ, რომ მოწესრიგებული პარკინგი არ არსებობს გუდაურში. სულ რამდენიმე პარკინგია და ეს არ ჰყოფნის იმ ნაკადს, რომელიც ამ ახალ წელს ჩამოვიდა. შესაბამისად, ახალ გუდაურში მთლიანად ბლოკირებულია მანქანით შესვლა და გამოსვლა. რამდენიმე საათი უნდა დაკარგო იმისთვის, რომ შეხვიდე და გამოხვიდე. იმის გამო, რომ პარკინგი არ არის, ხალხი პირდაპირ გზაზე აჩერებს მანქანებს, რაც ბლოკავს გზას, ამასთან, ერთი მიმართულებაა გახსნილი, ორის ნაცვლად და რა თქმა უნდა, გაჭედილია მოძრაობა. ამის გამო ტურისტის ჩამოსმა გვიწევს საკმაოდ შორს, ახალ გუდაურამდე (ან გზა არის გადაკეტილი, ან ისეთი გაჭედილია, რომ ფიზიკურად ვერ შეხვალ), მერე ეს სტუმრები თოვლში და ტალახში ჩემოდნებით მიდიან სასტუმრომდე, რაც საკმაოდ გრძელი გზაა.
ამას ემატება მდგომარეობა სათხილამურო ტრასებზე, რომელიც არ არის სათანადოდ მომზადებული. ტრასებზე უამრავი ქვა ყრია, არ არის დამუშავებული. ზაფხულში, სანამ სეზონი დაიწყება, უნდა იწმინდებოდეს შესაბამისი ტექნიკით, ამაში ახალი არაფერი არ არის. შემდეგ როდესაც სეზონი მოახლოვდება და თოვლი მოდის, ეს ქვები უკვე აღარ ჩანს. ახლა იმისთვის, ვინც სრიალებს, ეს ქვები ლოდებია, რადგან შეიძლება ძალიან სერიოზული დაზიანებები მიიღონ.
ასევე საბაგიროების ნაწილი არის გამორთული. მაგალითად, „სნოუ პარკი” საერთოდ არ არსებობს და არც იარსებებს წელს, რადგან ე.წ. ტურნიკეტები მოხსნეს. არადა, ეს „სნოუ პარკი” ძალიან კარგი გასართობია, მათთვის ვინც სრიალებს. ყველაზე ზემოთ რომელი საბაგიროც ადის და ხედების კუთხითაც უნიკალური მთაა, ეს საბაგიროც არ გაკეთებულა.
ზოგადი სურათი ასეთია და ვფიქრობ, თუ ამას ერთხელ ნახავს ჩამოსული სტუმარი, ძალიან რთულად დასაჯერებელია, რომ მეორედ კიდევ მოუნდეს აქ ჩამოსვლა”, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.
კითხვაზე, უკვე გახსნილ სეზონზე, რისი მოგვარება შეუძლია სახელმწიფო უწყებებს? ცოტნე ჯაფარიძე პასუხობს:
„რაც აქამდე უნდა მოგვარებულიყო, რა თქმა უნდა, ამ სეზონზე იმას უკვე აღარაფერი ეშველება. იმიტომ, რომ პარკინგები ახლა ვერ მოეწყობა, ვერც გზა გაფართოვდება და ვერც ტრასები გაიწმინდება. ერთადერთი თუ უფრო მეტი თოვლი დაედება და ეს ქვები გადაიფარება. ახლა მხოლოდ ის არის შესაძლებელი, რომ „ტურნიკეტები“ გაიხსნას, ჯერ ახლა დაიწყო სეზონი და ნაწილი უკვე არ მუშაობს. ახლა კიდევ არის დრო, რომ ჩამოიტანონ ეს „ტურნიკეტები“ და რიგები მაინც მოწესრიგდეს. ასევე, შესაძლებელია ტრაილერების მოძრაობის საათების შეზღუდვა შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში მაინც. თორემ, შიგნით გუდაურში ახლა უკვე ძალიან რთულია რაიმეს სასიკეთოდ შეცვლა”, - ამბობს ცოტნე ჯაფარიძე.