მოსყიდვა, "თაფლაკვერები" და უხვი დაპირება აფხაზ ხალხს, ხოლო მკაცრი დასჯა ყველას, ვინც რუსეთს გააკრიტიკებს - 2025 წელს კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთში ანექსიის აგრესიული ფორმა შეცვალა და დამორჩილების უფრო ცბიერ მოდელზე გადავიდა: ვინც ჩუმადაა, პრივილეგიებს იღებს, ვინც შეკითხვებს სვამს - ისჯება.
შეცვლილი პოლიტიკა იანვრიდან ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის კურატორად სერგეი კირიენკო დანიშნეს. მის წინამორბედს, დმიტრი კოზაკს კი უკავშირდება 2024 წელი, რომელიც აფხაზებისთვის უკიდურესად მძიმე აღმოჩნდა. რუსეთმა მაშინ "ურჩები" სამაგალითოდ დასაჯა: რუსული კანონების მიღებაზე უარის გამო ზამთარში აფხაზეთი უშუქოდ დატოვა, დააწესა ემბარგო ციტრუსზე, რუს ტურისტებს აფხაზეთში ჩასვლა აუკრძალა და შეაჩერა ფინანსური ტრანშები, რის გამოც შეჩერდა სოციალური დახმარებები და საბიუჯეტო ხელფასების გაცემა. 2025 წელს სურათი შეიცვალა, მაგრამ არა მიზანი. მოსკოვი აქტიურად ჩაერია დე ფაქტო არჩევნებში და პარალელურად დაიწყო აფხაზების გულის მოგებაც: აღდგა სოხუმის აეროპორტი და დაიწყო ფრენები; ამუშავდა სოჭსა და სოხუმს შორის მატარებელი; თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა სოხუმის კლინიკა; დაანონსდა საბავშვო კლინიკის მშენებლობა; ჩამოიყვანეს რუსი ექიმები და ჩატარდა უფასო სკრინინგები; დაიწყო სკვერების მშენებლობა და სოხუმის სანაპიროს რეაბილიტაცია; მოსწავლეები ჩართეს რუსულ კონკურსებში; დაიწყო რუსული პასპორტების გამარტივებული წესით დარიგება; აფხაზური მართვის მოწმობები რუსეთის ტერიტორიაზეც აღიარეს.
"თაფლაკვერების" პარალელურად მოქმედებაში დარჩა "მათრახიც" იმ პირებისთვის, რომლებმაც რუსული "სიკეთეები" ვერ დაინახეს... წლის დამდეგს დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს ოპოზიციის ორ აქტიურ ლიდერს - "დეპუტატ" კან კვარჩიას და ოპოზიციონერ ლევან მიქაას. კრემლის ფავორიტის, ბადრა გუნბას გამარჯვების შემდეგ არ დაივიწყეს კრიტიკული მედიაც და "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადეს სამი აქტიური ჟურნალისტი: ინალ ხაშიგი, იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა. ყველა მათგანს ანტირუსულ საქმიანობაში სდებდნენ ბრალს. წლის მიწურულს კი კან კვარჩიასა და კიდევ ორი ოპოზიციონერის წინააღმდეგ სს საქმე აღიძრა და ისინი ძებნილებად გამოაცხადეს. ოპოზიცია ამჯერად ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი სამი რუსი პიარტექნოლოგის ცემისა და 2 მილიონი რუბლის ღირებულების ტექნიკის დაზიანების გამო დაისაჯა.
"უფრო და უფრო მეტი აფხაზი ფიქრობს რუსეთთან შეერთებაზე"
პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი რეინტეგრაციის საკითხების სახელმწიფო მინისტრი: - წელს რუსეთმა აშკარად შეცვალა პოლიტიკა. მას შემდეგ, რაც აფხაზეთის კურატორად დმიტრი კოზაკი კირიენკოთი შეცვალეს, კრემლი კოზაკის ხისტი პოლიტიკიდან კირიენკოს მსუბუქ "თაფლაკვერის", მოფერებისა თუ მოსყიდვის პოლიტიკაზე გადავიდა. რამდენიმე დღის წინ კირიენკოს ვრცელი ინტერვიუ ჰქონდა აფხაზ ჟურნალისტებთან და გამოვლინდა რუსეთის მაქსიმალურად შემრიგებლური პირმოთნეობა, ცოტა არ იყოს, უცნაურადაც კი. არ იგრძნობოდა რუსეთის იმპერიალიზმის სუსხი. კირიენკომ არაერთხელ ახსენა ისიც, რომ ის სოხუმელია, "მათიანი". რუსეთმა ტაქტიკა შეცვალა, რადგან დარწმუნდა, რომ აფხაზები არ აპირებდნენ დათმობას. რუსებს ეს გაჯიუტება ძალიან უკვირთ. მიაჩნიათ, რომ მათ გარეშე აფხაზეთი არაფერია. პროპაგანდაა, რომ რუსეთის გარეშე საქართველო მათ მაშინვე "გადაყლაპავს", ამიტომ მოსკოვს ეგონა, აფხაზები ყველაფერზე უნდა დათანხმებულიყვნენ. აფხაზების პოზიციაა, ჩვენ ქართველებს იმიტომ კი არ შევეწირეთ, იმიტომ კი არ ჩავდეთ მიწაში ჩვენი ძმები და შვილები, რომ ახლა ასე იოლად ჩავბარდეთ რუსეთსო. დღეს ასეთი შეხედულება აქვთ, თუმცა მომავალზე რას ფიქრობენ, ძნელი სათქმელია. ისინი მარტო არსებობას ვერ შეძლებენ და მოუწევთ რუსეთის პოლიტიკისთვის ანგარიშის გაწევა.
საქართველომ მათ ზურგი უკვე შეაქცია, არანაირი კრიტიკული განცხადებები არ კეთდება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე. "ქართული ოცნება" აჩვენებს, რომ ხელები დაიბანა ცხინვალისა და აფხაზეთის საკითხებზე და რუსეთი დამშვიდდა. შეიძლება რაღაც შეთანხმებაც არსებობს, რომ თბილისი არ ჩაერევა მოსკოვის პოლიტიკაში აფხაზეთსა და ცხინვალში. დაახლოებით ასეთი მესიჯი აქვს თბილისს: მე არ ვაღიარებ რუსეთის პოლიტიკას აფხაზეთსა და ცხინვალში, არ ვაღიარებ ამ რეგიონების მითვისებას ოფიციალურად და ხელს არ მოვაწერ არაფერს, მაგრამ ხელსაც არ შეგიშლი, რაც გინდა, ის გააკეთე. მიითვისე სანაპიროები, მიწები, ბიჭვინთა, ააშენე აპარტ-ოტელები, განახორციელე ინვესტიციები, რაზეც აფხაზებს დაითანხმებ - ყველაფერი შენია. მოსკოვში იციან ეს და ამიტომ აღარ უგრეხენ ხელს აფხაზებს. ურჩევნიათ აფხაზები არ გააღიზიანონ, შეუქმნან სტაბილურობისა და სიმშვიდის განცდა. შეიძლება ამ ზამთარს მინიმუმამდე დავიდეს ელექტროენერგიის გათიშვაც, რათა აგრძნობინონ აფხაზებს, რა განსხვავებაა 2-3 წლის წინანდელი ყინვების დროს ჩაბნელებულ აფხაზეთსა და ახლანდელს შორის. შარშან მხოლოდ ორი საათით ჰქონდათ დენი, ახალ წელს კი ორი კვირით ჩაურთეს.
რუსეთმა 2025 წელს ახალი პოლიტიკა დაიწყო - გახსნა აეროპორტი, ააშენა გალის სატრანსპორტო ტერმინალი სანქცირებული ტვირთების გასატანად. რუსეთი შეეცდება 2026 წელი უმტკივნეულოდ და მაქსიმალური მოსყიდვით გაატაროს. აფხაზების მოსყიდვა უკვე დაწყებულია: არასამთავრობოებს ეხმარებიან ფულით, დაიწყო კონკურსები, რაღაც ფული შედის, შენდება სკვერები, აკეთებენ სოხუმის სანაპიროს. აშკარად მეტი ფული იხარჯება, ვიდრე წინა წლებში. ეს მოსყიდვა, სულ ცოტა, ერთი წელი გაგრძელდება, შეიძლება, ორი-სამიც. შესაძლოა 2026 წელს აღარც იყოს მკაცრი პოლიტიკა. შეიძლება პრობლემური რუსული კანონები არ დააბრუნონ. ამით კრემლი აჩვენებს, ხედავთ, რა მოაქვს რუსეთთან კარგ ურთიერთობას - კარგად მოიქცევით, უკეთესად იქნებითო.
- მოთაფვლის პარალელურად რუსეთს არ დავიწყებია კრიტიკოსები და ისინი სამაგალითოდ დასაჯა. რა აჩვენა ამით?
- აჩვენა, თუ ცუდად მოიქცევით, არ დაგინდობთო. სჯის იმ ხალხს, ვინც შემჩნეულია ანტირუსულ განწყობებში. თანაც დააკვირდით, ატყდა ლაპარაკი, აფხაზეთში არ არსებობს ანტირუსული განწყობაო. არადა, აფხაზეთში ანტირუსული განწყობა არსებობს, ამიტომ ყვირიან - ასე არ არის, მხოლოდ ერთეულებშია, აფხაზეთში ყველაფერი რიგზეა, პრობლემაა თითო-ოროლა სულელია, რომელთაც დავსჯით, აფხაზ ხალხს კი დავასაჩუქრებთო. როცა ადგილობრივი დე ფაქტო არჩევნები ჩატარდა და სამ რუსს სცემეს სასტიკად, სწორედ ანტირუსული განწყობის გამო იყო. გაიძახოდნენ, ნუ ერევით ჩვენს შიდა საქმეებშიო. კირიენკო ინტერვიუში შეეხო ამას. მთელი რიგი ტელეგრამ-არხებია აფხაზეთში, სადაც ანტირუსული განწყობა ჩანს.
- წელს დაიწყო რუსული პასპორტების გამარტივებულად დარიგება, აფხაზებისთვის ეს საჩუქარია თუ ხაფანგი?
- ეს არის რუსეთის მეტი გავლენა აფხაზეთში და მეტი რუსული სიკეთე. ბევრი აფხაზი აღიარებს, რომ ეს მათი "სუვერენიტეტის" შეზღუდვაა, მეორე მხრივ კი ხედავენ, სხვა გამოსავალი არც აქვთ. პრაქტიკულად ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს აფხაზეთის დანებება რუსეთის ანექსიაზე, საქართველო კი არაფერს სთავაზობს. უკვე უფრო მეტი აფხაზი ფიქრობს რუსეთთან შეერთებაზე. გამოჩნდნენ პირები, რომლებიც ამბობენ, რომ არ გამოდის "დამოუკიდებლობა", არავინ "გვაღიარებს" და იქნებ ჯობს, გავხდეთ რუსეთის რეგიონი და მივიღოთ ყველა სიკეთე? გენოციდს ხომ არ მოგვიწყობენ? ჩრდილოეთ კავკასიაში ხომ ცხოვრობენ კავკასიელები, თავის ენაზე ლაპარაკობენ, ჩვენც ვილაპარაკებთ აფხაზურად და ვიქნებით რუსეთის შემადგენლობაშიო. აფხაზეთში მცირდება იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც სჯერა საერთაშორისო აღიარების. ყველა ხვდება, რომ ეს ვერ მოხდება. საქართველომაც რომ დაუშვას ეს, რუსეთი არ დაუშვებს. ამიტომ დაიწყეს ფიქრი, ჯობს კარგად "გავყიდოთ თავი", რომ რუსეთისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთო. თუ ასე გაგრძელდა, 3-4 წელიწადში შეიძლება მივიღოთ სრული ანექსია. თუმცა იმედია, ამასობაში უკრაინაში სიტუაცია ისე არ წავა, როგორც რუსეთს აწყობს. ეკონომიკური სანქციების გამო ეცემა რუსეთის ეკონომიკა. ევროკავშირმა მთლიანად გაყინა რუსეთის სახელმწიფო აქტივები ევროპაში და გამორიცხული არ არის, ეკონომიკურმა დარტყმამ შიდა მოძრაობები გამოიწვიოს. ეს ყველაფერი მოახდენს გავლენას აფხაზეთზეც. ამიტომ სურს რუსეთს გამოთიშოს თბილისი და იოლად მოინელოს აფხაზეთი.
- თუკი უახლოეს მომავალში რუსეთმა ისევ დააბრუნა აპარტ-ოტელებისა და ინვესტიციების კანონები, პროტესტს უნდა ველოდოთ?
- დიდი ალბათობით, პროტესტი არ იქნება. რუსეთს არ აწყობს, მსოფლიომ დაინახოს, რომ ისეთ პატარა რეგიონშიც კი, როგორიც აფხაზეთია, ვერ აკონტროლებს ვითარებას.