წელს საქართველოდან ექსპორტზე 500 ტონამდე თაფლი გავა, ამის შესახებ „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო პაპავამ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად უამინდობისა და უხვი ნალექისა, მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით ექსპორტზე 500 ტონამდე თაფლის გატანა იგეგმება.
„2022 წელს ექსპორტზე დაახლოებით 250 ტონა თაფლი გავიდა, აქედან 90%-ზე მეტი ევროკავშირში. საექსპორტო ქვეყნები, ძირითადად საფრანგეთი, ბულგარეთი და ნორვეგიაა. წელს უფრო მეტი თაფლის ექსპორტს ველოდებით, დაახლოებით 500 ტონამდე, მიუხედავად უამინდობისა.
ევროკავშირი, ძირითადად, აკაციის თაფლზეა მოთხოვნა, მაგრამ დაინტერესება წაბლის თაფლზეც იქნება. სამწუხაროდ, შარშანდელი წელი უხვნალექიანი იყო, წაბლის ყვავილობას წვიმები დაემთხვა და შესაბამისად, იმ რაოდენობის თაფლი ვერ მივიღეთ, რომ საექსპორტო პოტენციალი ჰქონოდა.
თაფლის რაოდენობის და ხარისხის გასაზრდელად გვჭირდება კადრების გადამზადება, ამის შედეგად ვფიქრობთ რომ დაახლოებით 2-3 წელიწადში ჩვენი ბრუნვა გაორმაგდება.
ევროკავშირს ყველაზე მკაცრი მოთხოვნა აქვს. ჩვენი თაფლის 90% ევროკავშირში გადის, შესაბამისად, მათ მკაცრ მოთხოვნებს ვაკმაყოფილებთ. ახლა ჩვენი მიმართულება იქითკენაა, რომ ბიოსტანდარტებსა და წარმოებაზე რაც შეიძლება მეტად გადავერთოთ. საქართველოში დაახლოებით 3 000 ტონა თაფლი იწარმოება და აქედან ბიოსერთიფიკატი, რომელსაც შეიძლება მივცეთ მხოლოდ 3 ტონა თაფლია.
რაც შეეხება ფასებს. ბრენდირებული ქართული თაფლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე 13 დოლარია, თუმცა რაც უფრო იზრდება მისი ცნობადობა, იზრდება ფასიც და მოთხოვნაც“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ.
2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1.1 მილიონი დოლარის ღირებულების, 258.1 ტონა თაფლი გავიდა. 2023 წლის იანვარში უცხოეთში 0.72 ტონა თაფლი გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 22.5 ათასი ტონა.