ჟალუზების, მეტალო-პლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრების მწარმოებელი ქართული კომპანია „დიო“ მიმდინარე წელს 10%-იან ზრდას პროგნოზირებს.
როგორც „დიოს“ თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა, ბიზნეს სტაბილურობა და პროგნოზირებადი გარემო სჭირდება, მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები კი ამის შესაძლებლობას ამცირებს.
„ქვეყანაში არ არის სტაბილური გარემო, არის გარკვეული ზრდა და ამის პარალელურად ჩვენი კომპანიაც იზრდება, მაგრამ ბიზნეს სჭირდება იცოდეს რა იქნება მომავალში, რამდენად შეინარჩუნებს ქვეყანა სტაბილურობას, ეკონომიკურ ზრდას. მომავალი წელი საარჩევნოა და არის მოლოდინი რომ დაძაბულობა მოიმატებს და ბიზნესის განწყობებზე გავლენას იქონიებს.
2021 წელს კომპანია დაახლოებით 15%-ით, ხოლო 2022 წელს 10%-ით გაიზარდა. წელს დაახლოებით 10%-იანი ზრდას ველით. ბაზარი კონკურენტულია, თუმცა ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე. კონკურენტებისგან იმით გამოვირჩევით, რომ გვაქვს კომპლექსური შეთავაზება და მუდმივად ვცდილობთ რომ ხარისხზე ვიყოთ ორიენტირებული. კომპანია დღესდღეობით 80-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს.
გვაქვს სპეციფიკური პროდუქტები, რომელსაც ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ. იმპორტთან კონკურენცია ნაკლებად გვაწუხებს, რადგან რასაც ვყიდით ძირითადად ადგილზე ვაწარმოებთ და მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. რადგან წარმოება ადგილობრივია, შესაბამისად კონკურენციაში იმ მეწარმეებთან შევდივართ ვინც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს“, - ამბობს თამაზ დაუშვილი.