ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ელჩი მოსკოვში რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავს. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და რუსეთი გამჭვირვალედ განიხილავენ უსაფრთხოების ყველა ასპექტს… აფხაზეთის საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება ჩვენი მშვიდობის გასაღებია“, – ამბობს რუსულ პროპაგანდისტულ მედია რია ნოვოსტისთან ინტერვიუში ალხას კვიცინია.

პროპაგანდისტი ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავენ თუ არა სოხუმი და მოსკოვი აფხაზეთში მეორე რუსული სამხედრო ბაზის გახსნის შესაძლებლობას – ალხას კვიცინია პასუხობს:

დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მე-7 რუსული სამხედრო ბაზაა განლაგებული, რაც უკვე არის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი ფაქტორი.

რაც შეეხება მეორე ბაზას, მსგავსი კითხვა პრესაში დაისვა საზღვაო თანამშრომლობის გაფართოების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით. საუბარია ქალაქ ოჩამჩირეში სამხედრო საზღვაო ფლოტის სარემონტო-ტექნიკურ ბაზაზე. თუმცა ამას კლასიკური გაგებით „ახალ ბაზას“ არ დავარქმევდი. ყველაფერი ალიანსისა და სამხედრო თანამშრომლობის შესახებ 2009 წლის მოქმედი ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში ხდება.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აფხაზეთი და რუსეთი გამჭვირვალედ განიხილავენ უსაფრთხოების ყველა ასპექტს.

რუსული ძალების არსებობა თავდაცვითი ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოტენციური აგრესიის შეკავებას. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველო კვლავ უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერაზე და, შესაბამისად, ასეთი სიფრთხილის ზომები გამართლებულია. აფხაზურ საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოება ჩვენი მშვიდობის გასაღებია“, – ამბობს კვიცინია.

22 აპრილს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა, რუსულ პროპაგანდისტულ მედია Tass-თან საუბრისას თქვა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და ხელი მოაწეროს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ.

წყარო: "ბათუმელები"