ვაფასებ ტრამპისა და მისი გუნდის მუშაობას უკრაინაში, პუტინის ბარბაროსული ომის სამართლიანად დასასრულებლად - წერს x-ზე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და რუსეთის წინააღმდეგ, დამატებითი სანქციების დაწესებას აანონსებს:
"რაც შეეხება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს, გვაქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით, რომელიც მეორად ტარიფებს დააწესებს ნებისმიერ ქვეყანაზე, რომელიც შეიძენს რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს ან სხვა პროდუქტებს. სენატი მზადაა ამ მიმართულებით იმოძრაოს და ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებს, თუ რუსეთი არ დათანხმდება სამართლიან და მდგრად მშვიდობას." წერს სენატორი.
სხვათა შორის, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ვატიკანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სანქციების დაწესება არც დონალდ ტრამპმა გამორიცხა.
"პუტინს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამოქალაქო რაიონებზე, ქალაქებსა და სოფლებზე რაკეტების სროლის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა," - ამის შესახებ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოცქსელში წერს. აქვე ტრამპი ახსენებს საბანკო და მეორად სანქციებსაც.
"ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას ომის შეწყვეტა საერთოდ არ სურს, უბრალოდ ჩემთან დროის გაყვანას ცდილობს და საჭიროა მასთან სხვა გზით მოპყრობა - "საბანკო გზებით" ან "მეორადი სანქციებით"? ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება!!!" - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელTruth Social-ზე.
შეგახსენებთ, ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა პუტინი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სასიკვდილო დარტყმები განახორციელა. შემდეგ მან პარასკევს ზელენსკის მიმართ იმედგაცრუება გამოთქვა და თქვა, რომ მან აშშ-სთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დააგვიანა, მოსალოდნელი შეთანხმების ხელმოწერის გაუქმებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ.