სასტუმროების სექტორის ნაწილი 2025 წლით კმაყოფილია. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას HSC Group Hospitality დირექტორი გიორგი დოლიძე განმარტავს, საერთო ჯამში 2025 წელი იყო ძალიან პოზიტიური, გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინებს და საამაყო ციფრები, რეკორდული მაჩვენებლები დაიდო.
„საახალწლო პერიოდი, როგორც ველოდებოდით, დატვირთული იყო. დეკემბერში 70-75% გვქონდა დატვირთულობა, რაც 2024 წლის მონაცემებს აღემატება. მთლიანად წელი იყო ძალიან პოზიტიური, გადააჭარბა ყველანაირ მოლოდინებს, რაც 2024 წელს გვქონდა. ბევრი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სიახლე ვნახეთ ტურიზმის სექტორში, რამაც ხელი შეუწყო ტურისტების ნაკადების ზრდას, რაც მნიშვნელოვნად იმოქმედებს 2026, 2027 და 2028 წლებზე. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ეს იყო ხანგრძლივ პერსპექტივებზე გათვლილი გადაწყვეტილებები“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი კარგი მარკეტინგული აქტივობები ჩატარდა ზოგადად ქვეყანასთან დაკავშირებით, კერძო სექტორმაც ძალიან აქტიურად იმუშავა მოზიდული ტურისტებისთვის კარგი სერვისის შეთავაზების კუთხით, რაც ასევე დადებით ტენდენციებს ქმნის მომავალი წლებისთვის.
„მთლიანად წლის ჭრილში საშუალო დატვირთულობა 80%-მდე იყო, რომელიც პიკში შევიდა 2025 წლის აპრილში. ამანაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან აპრილი ყოველთვის იყო საშუალო, გარდამავალი სეზონი. წლის დასაწყისს რაც შეეხება, პოლიტიკური ტურბულენტობის გათვალისწინებით, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით იყო წერტილოვანი ამოვარდნები, შემდეგ იყო ისრაელის მოვლენები, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი მალე გამოსწორდა. თითქმის სრულად დაუბრუნდა მაჩვენებლები პანდემიამდელ პერიოდს“, - ამბობს გიორგი დოლიძე.
გიორგი დოლიძე მიიჩნევს, რომ მოჭარბებული ინვესტიციები სასტუმროების სექტორში სწორედ იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ტურიზმის მიმართულებაზე დიდი მოთხოვნაა.
„ვნახეთ, რამდენი ახალი ბრენდული სასტუმრო დაგვემატა 2024-2025 წლებში. 2026-2028 წლებში საქართველოში დაახლოებით 300 ახალი სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი.
რაც შეეხება მოლოდინებს 2026 წლისთვის, ბოლო 2 წლის სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, წელსაც აპრილიდან ვვარაუდობთ პიკურ დატვირთულობებს, რამაც 90%-ს უნდა გადააჭარბოს და ეს მდგომარეობა ოქტომბრის ბოლომდე შენარჩუნდება. შესაბამისად, თუ 2025 წელს საშუალო დატვირთულობა 80% გვქონდა, 2026 წელი დაგეგმილი გვაქვს ისე, რომ 4-5%-ით მაინც შევძლოთ დატვირთულობის გაზრდა. როცა დატვირთულობა წლის ჭრილში 80%-ის ფარგლებში მერყეობს, უფრო მეტად გაზრდა უკვე საკმაოდ რთულია. ვფიქრობ, ფასები დაახლოებით 8-10%-მდე გაიზრდება, განსაკუთრებით, პიკურ პერიოდში“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.