„მაკარიძის მარნის“ ისტორია, 2008 წლიდან, თერჯოლაში იწყება. გოგიტა მაკარიძემ ღვინის წარმოება 1500 ბოთლის ჩამოსხმით დაიწყო და ახლა უკვე წელიწადში 7000 ბოთლამდე 8 სახეობის ღვინოს ასხამენ, რომლის 80-85% 4 კონტინენტის ქვეყნებში ექსპორტზე გააქვს, დანარჩენს საქართველოში, თბილისის ცნობილ ბარებსა და ღვინის მაღაზიებში ყიდიან. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას „მაკარიძის მარნის“ დამფუძნებელი გოგიტა მაკარიძე ამბობს, მის ღვინოზე მოთხოვნა საქართველოშიც დიდია, მაგრამ ეკონომიკური დაინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადი ნაწილი უცხოეთში გააქვთ. ამას გარდა, ივლისის ბოლოს მაკარიძეები საოჯახო რესტორან „რძლებს“ ხსნიან და მსურველები მათი ღვინოს დაგემოვნებას იქაც შეძლებენ.
გოგიტა მაკარიძე იხსენებს, რომ თავიდან ვენახიც პატარა ჰქონდა და ღვინოსაც მცირე რაოდენობით ასხამდა, მაგრამ მერე კოოპერატივი დააფუძნა, გრანტი მიიღო, ვენახიც გააფართოვა და ღვინის წარმოებაც.
„2008 წელს პატარა გრანტი მოვიპოვე და ვენახის გაშენება დავიწყე. იმერეთი, განსაკუთრებით თერჯოლა, მცირემიწიანი ზონაა და დიდი ვენახები არ გვაქვს. იმ ვენახიდან გამომდინარე, რაც თავიდან მქონდა, 1500 ბოთლს ვასხამდი, მერე დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ გავფართოებულიყავი და კოოპერატივი დავაფუძნე. 2014-ში გრანტი მიიღო ამ კოოპერატივმა. დღეს უკვე 5 ჰექტარზე მაქვს ვენახები. საკუთარი ვენახის ყურძნის გარდა, იჯარით მაქვს აღებული ვენახები და საერთო ჯამში, წელიწადში 7 000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებ, აქედან დაახლოებით 6 000-ის რეალიზაციას ვახდენთ, დანარჩენი - საკუთარი მოხმარებისთვის და სტუმრებისთვის გვჭირდება, თვის ბოლოს რესტორანი „რძლები“ გაიხსნება და ღვინო იქაც დაგვჭირდება“, - აცხადებს გოგიტა მაკარიძე.
როგორც თავად ამბობს, ორგანული ყურძენი მოჰყავთ, ბიო მეთოდებით უვლიან და მათი მიზანი მომხმარებლისთვის ბუნებრივი პროდუქციის შეთავაზებაა.
„ადგილობრივი ჯიშის ყურძენი მოგვყავს, მათ შორის - ციცკა ცოლიკოური, დონდღლაბი, ძველშავი, ალადასტური და ოცხანური საფერე და ამ 5 ჯიშიდან 8 სახეობის ღვინოს ვაყენებთ.
ორგანული ვენახები გვაქვს, ბიო მეთოდებით ვუვლით, ისეთ ქიმიას, რომელიც ყურძენს ვნებს, ხარისხს აფუჭებს და არაბუნებრივს ხდის, არ ვიყენებთ. ესაა ჩვენ იდეა, რომ ჩვენს მომხმარებელს ბუნებრივი პროდუქტი შევთავაზოთ“, - აცხადებს გოგიტა მაკარიძე.
„მაკარიძის მარნის“ ღვინო იყიდება - აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთში, საფრანგეთი, გერმანიაში, დანიაში, ჰოლანდიაში, შვედეთსა და ნორვეგიაში. როგორც გოგიტა მაკარიძე გვიყვება, დრო და დრო ავსტრალიაში, პოლონეთსა და შვეიცარიაშიც ყიდიან ღვინოს.
„ექსპორტზე ვყიდით 80-85%, დანარჩენი - საქართველოში, დაწურვიდან 1-2 თვეში იყიდება. აქაც ძალიან დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ეკონომიკურო პირობების გამო ექსპორტზე გატანა გვიწევს. ახალი ღვინო აგვისტოში გვექნება და მერე უკვე საქართველოში, ისეთ ცნობილ ღვინის ბარებსა და მაღაზიებშიც გამოჩნდება, როგორიცაა - „საამური“, „სიტიო“, „ანდერგრაუნდი“, „ციცქა“ და სხვა. რაც შეეხება ფასს, 1 ბოთლის ფასი 25-30 ლარი იქნება“, - აცხადებს გოგიტა მაკარიძე.