სამკერვალო სექტორში კრიზისი გრძელდება. ,,ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით ბიძინაშვილი აცხადებს, რომ უკუსვლის შემდეგ სექტორი ერთ ეტაპზეა გაჩერებული. მისივე თქმით, საქართველოთი უცხოელი დამკვეთები უკვე რამდენიმე წელია აღარ ინტერესდებიან და ამ მიმართულებით სიახლე არ არის.
,,უკრაინის ომიდან გამომდინარე საერთაშორისო სიტუაცია რომ დაიძაბა, ევროკავშირთან ურთიერთობები რომ დაიძაბა, ამ პერიოდში ჩვენს დარგში მკვეთრად შემცირდა შემოდინებები. დღეს შეცვლილი არაფერი არ არის. სიახლე ისეთი, რომ ჩვენთან უცხოელები შემოვიდნენ და ჩვენი დარგით დაინტერესდნენ არ არის ასეთი სიახლე. უკუსვლის შემდეგ სექტორი ერთ ეტაპზეა გაჩერებული.’’- აცხადებს დავით ბიძინაშვილი.
,,ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ სექტორი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ დამკვეთებზე იყო დამოკიდებული. დავით ბიძინაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა ქვეყანაში სტაბილური ვითარების შენარჩუნება.
,,სტაბილური სიტუაცია უნდა დავიჭიროთ. ძირითადად ევროკავშირიდან შეკვეთებზე ვართ დამოკიდებული. ცოტა უნდა მობრუნდნენ ისევ ჩვენკენ. ჩვენ ისევ და ისევ უნდა შევთავაზოთ ახალ დამკვეთებს მომსახურება. ძველები ვინც იყვნენ ვცდილობთ მათ მობრუნებას. ჩვენ ცდას არ ვაკლებთ, რომ მოვაბრუნოთ ჩვენი უცხოელი შემკვეთები.’’- აცხადებს დავით ბიძინაშვილი.
,,ტექსტილისა და ფეხსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს, რაც წარმოების გასაზრდელად საჭირო მუშა ხელის დეფიციტს უკავშირდება.
,,ყველაზე დიდი პრობლემა არის მუშა ხელის პრობლემა ელემენტარული მკერავების. რომც ვთქვათ, რომ ჩვენ მკვეთრად გავზრდით წარმოებას, ამას ვერ ვიზამთ. ამას დრო სჭირდება და სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება ეკონომიკისა და განათლების სამინისტროების მხრიდან. ერთობლივად თუ არ ვიმუშავეთ ძალიან გაგვიჭირდება გადარჩენა. წარმოებაში თუ გაქვს 300-400 დანადგარი და ადამიანი არ გყავს, რომელსაც დასვამ მანქანასთან სამუშაოდ, ეგ წარმოება არ არის. გვჭირდება მუშა ხელი.’’- აცხადებს დავით ბიძინაშვილი.