ქათმის ხორცპროდუქტების ადგილობრივმა მწარმოებელმა „ნოზაძის მეფრინველეობამ“ წარმოება შეწყვიტა. მეურნეობის ხელმძღვანელის მამუკა ნოზაძის თქმით, წარმოება 6 თვეა დახურულია, მიზეზი კი მეფრინველეობის დარგში არსებული გაუსაძლისი მდგომარეობაა.

დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ მეფრინველეობის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. მამუკა ნოზაძის თქმით, წარმოებაზე უარყოფით გავლენას ახდენდა ვალუტის მდგომარეობა, მაღალი კომუნალური გადასახადები და ამას ართულებდა ადგილობრივი წარმოების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაც, რის გამოც კომპანია გასულ წლებში ზარალს განიცდიდა და შესაბამისად მიღებული იქნა დახურვის გადაწყვეტილებაც.

„რა უნდა გითხრათ აბა,  მიზეზი  მთავრობას  ჰკითხეთ, მე  რა უნდა გითხრათ, დღგ არ მოგვიხსნეს,  ვერ  ჩავდექით თანაბარ პირობებში, იმპორტი გვჭამს, შემოსავლების სამსახური ჯარიმებს არ გვაკლებს, კომუნალურებს  გვიზრდიან და გვიზრდიან  ასტრონომიულ ფასებამდე, გააჩერეთო და ჩვენც  გავაჩერეთ, სხვა გზა არ დაგვიტოვეს,“- განაცხადა მამუკა ნოზაძემ.

„კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ როდისაა მოსალოდნელი მეურნეობის კვლავ ამოქმედება

„სამომავლოდ, როცა ნორმალური მთავრობა მოვა მერე,“ -  განაცხადა მამუკა ნოზაძემ.

სექტორში არსებულ რთულ ვითარებაზე „ნოზაძის მეფრინველეობის“ ხელმძღვანელი ადრეც საუბრობდა. 
მასალები „კომერსანტის“ არქივიდან.