Forbes Georgia-ს ივნისის ნომერში დაიბეჭდა 100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანიის რეიტინგი, რომელიც დაფუძნებულია მათი ფინანსური მაჩვენებლების დეტალურ ანალიზზე. ამჯერად რეიტინგიდან წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებული საავადმყოფოების ხუთეულს:

  • თოდუას კლინიკა (₾ 600 მლნ)

„თოდუას კლინიკა“, რომელიც თბილისის მასშტაბით სამ ფილიალს აერთიანებს, პაციენტებს სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. მათ შორის, გამორჩეულია რადიოლოგიის მიმართულება. „თოდუას კლინიკას“ გიორგი დიასამიძე ფლობს, ხოლო გენერალური დირექტორის პოზიციას გიორგი წივწივაძე იკავებს. კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლების 36.2% საყოველთაო ჯანდაცვის რესურსებია.

2. ავერსის კლინიკა (₾ 533.5 მლნ)

„ავერსის კლინიკა“ მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თბილისში 6 და რეგიონებში 11 ფილიალს აერთიანებს. შპს „ავერსი ფარმას“ საშუალებით კომპანიას პაატა (67%) და ნიკოლოზ (33%) კურტანიძეები ფლობენ. „ავერსის კლინიკის“ მიერ მიღებული შემოსავლების 68.4% თბილისის ფილიალებიდან ამონაგებია, ხოლო მთლიანი შემოსავლების 17.8% – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან სახსრები.

3. ჩაჩავას კლინიკა (₾ 245 მლნ)

„ჩაჩავას კლინიკა“ სამშობიაროა, რომელიც თბილისში მდებარეობს. გარდა ამისა, „ჩაჩავას კლინიკა“ მომხმარებელს დამატებით ესთეტიკური მედიცინის, პლასტიკური ქირურგიისა და სტომატოლოგიის სერვისს სთავაზობს. კომპანიის ძირითადი წილის მფლობელი და მაკონტროლებელი ელგუჯა გოცირიძეა. საავადმყოფოს შემოსავლების 6.5% საყოველთაო ჯანდაცვიდან მიღებული რესურსებია.

4. ჰელსიკორი (₾ 228 მლნ)

ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა „ჰელსიკორი“,რომელიც პაციენტს სხვადასხვა მიმართულებით სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს, თბილისში მდებარეობს. საავადმყოფოს ამონაგების 90.3% სტაციონარული მომსახურების მიწოდებიდან მიღებული შემოსავალია. კომპანიის ყველაზე დიდი, 36%-იანი წილის მფლობელი თამარ ემუხვარია.

5. კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი (₾ 209 მლნ)

„ქირუგიის ეროვნული ცენტრი“ მრავალპროფილური საავადმყოფოა, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია ქირურგიულ და მაღალტექნოლოგიურ სერვისებზე. კომპანიის დირექტორი ლალი ივანიშვილია, ხოლო ცენტრს პაატა კურტანიძე (67%) და ნიკოლოზ კურტანიძე (33%) ფლობენ.

ვრცლად: forbes.ge