თხილეულსა და ჩირეულზე მოთხოვნა ყოველწლიურად მზარდია. საქართველოს ბაზარზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით თხილეულის გაყიდვებმა იმატა. „ხეირი ნახეს“ დამფუძნებელი ეკატერინე ზერაგია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მომხმარებლები უპირატესობას ჯანსაღ კვებას ანიჭებენ, რამაც ამ პროდუქტზე მოთხოვნა და გაყიდვების ზრდა განაპირობა.

„პანდემიის შემდეგ გაყიდვები გაათმაგდა. განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში დიდი მოთხოვნა გაჩნდა თხილეულზე. ხალხი გადავიდა ჯანსაღ კვებაზე და შესაბამისად, დღეს ბაზარზე თხილეული არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი. დაახლოებით 60-70%-ით გაიზარდა მოთხოვნა. ნუში პირველ ადგილზეა. მოთხოვნა მაღალია გოგრის გულსა და ნიგოზზე. ჩირზე არ არის იმდენად გაზრდილი, რადგან საქართველოში არ გვაქვს ყველა ხილის ჩირი“, - აცხადებს „ხეირი ნახეს“ დამფუძნებელი ეკატერინე ზერაგია.

კომპანია პროდუქციას იმპორტიორებისგან და ადგილობრივი მწარმოებლებისგან ყიდულობს. ქართული ბაზრისთვის სიახლეა მაკადამია და ბრაზილიური თხილი, თუმცა მათზე მოთხოვნა ყოველდღიურად მზარდია.

,,გვყავს მომწოდებლები. ვთანამშრომლობთ იმპორტიორებთან და ქართველ მწარმოებლებთან, რომლებსაც აქვთ ნუშისა და ნიგვზის ბაღები და ა.შ. გვყავს ასევე ჩირების მწარმოებლები. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ პროდუქციას მისაღებ ფასში. ჩვენთვის საამაყოა, რომ მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გავხადეთ მაკადამია და ბრაზილიური თხილი, რომელსაც პოპულარიზაცია გავუწიეთ. მოთხოვნა არის საკმაოდ დიდი. ძირითადად ვართ იმპორტიორებზე დამოკიდებული. მათ ვაძლევთ რჩევებს, რისი შემოტანა შეიძლება საქართველოში და რა შეიძლება იყოს მოთხოვნადი.’’- აცხადებს ეკატერინე ზერაგია.

„ხეირი ნახე“ პროდუქციას ონლაინ ყიდის. ასევე ამარაგებს რესტორნებსა და ბარებს. თუმცა კომპანია ონლაინ სივრციდან ფიზიკურ ბაზარზეც თავის დამკვიდრებას და რამდენიმე მაღაზიის გახსნას გეგმავს. ორ წლიანი გეგმა თავდაპირველად მაღაზიების გახსნას თბილისში, შემდეგ კი სხვა ქალაქებში ითვალისწინებს.

„ონლაინ გაყიდვები გვაქვს არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით. მთელს მსოფლიოში ვაგზავნით უკვე ჩვენს პროდუქციას ქართველი ემიგრანტებისთვის და მოთხოვნა ყოველდღიურად უფრო და უფრო იზრდება. საქართველოს ყველა რეგიონში გვაქვს მიტანის სერვისი. ვაწვდით სოფლებშიც. პროდუქციას ძირითადად მოსახლეობას, პატარა ბარებსა და რესტორნებს ვაწვდით. ვაპირებთ რამდენიმე მაღაზიის გახსნას თბილისში. მოვიცავთ სხვადასხვა ლოკაციას. შემდეგ უკვე ბათუმში, რუსთავსა და სხვა რეგიონებში. 2 წლის გეგმა გვაქვს და მხოლოდ ონლაინ გაყიდვები აღარ გვექნება. გვექნება ფიზიკური მაღაზიებიც“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ეკატერინე ზერაგია.