The cone culture ice cream თბილისში მესამე ფილიალის გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ ნაყინის მწარმოებელი კომპანიის The Cone Culture Ice Cream-ის მენეჯერმა ქეთი მიქაშავიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალი ფილიალი, სავარაუდოდ, მომდევნო სეზონისთვის, 2026 წელს გაიხსნება. მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის გაყიდვები მზარდია, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც The cone culture ice cream-ის ღონისძიებებში მონაწილეობას, ასევე ბრენდის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე.
"2025 წლის ზაფხული ძალიან პროდუქტიული და საინტერესო აღმოჩნდა The Cone Culture-ისთვის. მივიღეთ მონაწილეობა არაერთ ღონისძიებაში, სადაც სტუმრებს ახალი გამოცდილება შევთავაზეთ, შევიძინეთ ბევრი ახალი პარტნიორი B2B სეგმენტში. სეზონი იყო დინამიური, სავსე ექსპერიმენტებით და ახალი გემოებით, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ჩვენი ბრენდის პოპულარობა.
წინა წელთან შედარებით გაყიდვები, დაახლოებით, 25-30%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც ღონისძიებებში მონაწილეობას, ასევე ბრენდის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე. ყველა სეზონზე სხვადასხვა გემო გამოირჩევა პოპულარობით. ზაფხულში ყოველთვის უფრო მეტ პრიორიტეტს ანიჭებენ ხილის და კენკრის გემოებს.
მიმდინარე სეზონზე დავამატეთ დაახლოებით, 10 ახალი გემო, მათ შორის ექსპერიმენტალური ჩვენს პარტნიორებთან კოლაბორაციით — გასპაჩო, ჭარხლის, ჯინის, ასევე ტრუფელისა და კარტოფილის ნაყინი. ყოველთვის გვიყვარს ექსპერიმენტები და ვაკვირდებით სტუმრების შეფასებებს - თუ განსაკუთრებულად მოსწონთ ვიტოვებთ ძირითად ხაზში", - აცხადებს ქეთი მიქაშავიძე.
ცნობისთვის, The cone culture ice cream ნაყინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელსაც 5 წლიანი წარმოების ისტორია აქვს. კომპანია მომხმარებელს ნაყინის ფართო ასორტიმენტსა და ორცხობილებს სთავაზობს - კერძოდ, 300-მდე გემოს ნაყინს. კომპანიას ამ ეტაპზე თბილისში ორი ფილიალი აქვს: შევჩენკოსა და ვეკუას ქუჩებზე.