შეგვიძლია ვთქვა, რომ ჩვენს არსებულ შენობებში 100%-იანი დატვირთულობაა, მთლიანად დაკავებულია და კომპანიები აქტიურად ოპერირებენ , -  ამის შესახებ თბილისის თიზ-ის მფლობელმა და ადმინისტრატორი კომპანია "ზოტი ჰოლდინგის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა სოსო ნიბლაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, 130-მდე კომპანია, რომელიც თიზ-ში არის რეგისტრირებული პერმანენტულ დონეზე ოპერირებენ.

"ჩვენ აქტიურად განვაგრძობთ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებას და შესაბამისად, ყოველგვარი შენელების გარეშე გრძელდება ეს პროცესი. რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს - 70%-მდე დატვირთულია და დარჩენილი გვაქვს ნაკვეთები, რომელთა განვითარებას განვაგრძობთ და ინვესტორებსაც ვთავაზობთ", - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

მისივე შეფასებით, ქართული თიზ-ები როგორც რეგიონულ, ისე ფართო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობას ზრდიან.

"მოგეხსენებათ, რომ “შუა დერეფანი” დღესდღეობით აქტუალური თემაა. ტვირთბრუნვა ამ კორიდორით ინტენსიურად იზრდება, რაც რა თქმა უნდა, თიზ-ებისთვისაც მასტიმულირებელი ფაქტორია. ჩვენს მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა, ამ არასრული ორი წლის განმავლობაში, რაც თბილისის თიზ-ში ვართ, გარკვეული შედეგები მოიტანა, რაც თავის მხრივ მეტყველებს იმაზე, რომ პერსპექტივები კიდევ უფრო მეტია. თუ განვითარების პროცესში თიზ-ების ადმინისტრატორების აქტიური მონაწილეობა იქნება და ამას ხელს შეუწყოს როგორც რეგიონული, ისე ადგილობრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილური გარემო, რა თქმა უნდა, ეს თიზ-ების განვითარებაზე პირდაპირ აისახება”, - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

ცნობისთვის, თბილისის თიზ-ი 2016 წლიდან ოპერირებს, თუმცა „ზოტი ჰოლდინგმა“ თბილისის თიზ-ის შესყიდვა 2023 წლის აპრილში დაასრულა. „ზოტი ჰოლდინგი“ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენების მიერ დაფუძნებულ კომპანიას წარმოადგენს.