ტაქსის აპლიკაციებში, მომხმარებლის ადგილმდებარეობის დადგენის კუთხით უზუსტობები ტაქსის სერვისის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად რჩება. არცთუ იშვიათად აპლიკაცია არ აჩვენებს გამოძახების ზუსტ ლოკაციას, რაც მძღოლებსა და მომხმარებლებს შორის გაუგებრობის მიზეზი ხდება.

როგორც  „ბიზნესპარტნიორს“ ტაქსის კომპანია „კომფორტ-ტაქსის“  დამფუძნებელმა ლევან თავართქილაძემ განუცხადა, ამის ერთ–ერთი მიზეზი ისაა, რომ google საკუთარი რუკის განახლებას საქართველოში ისე ინტენსიურად არ ახდენს, როგორც ეს უცხოეთის ქვეყნებშია, სადაც google-ის სპეციალური ავტომობილი ერთ არეალში კვირაში 3-ჯერ მაინც ჩნდება.

თავართქილაძის თქმით, ამ პრობლემის აღმოფხვრის ერთ-ერთი მეთოდია, თავად მომხმარებლებმა გადაუღონ ფოტო გამოძახების ადგილზე არსებულ შენობებს და ეს google-ის ლოკაციებს შორის ატვირთონ.

ზოგადად კი, მისი განმარტებით, ტაქსების მომსახურება მთლიანად google map-ის აპლიკაციის საშუალებით ხდება და იშვიათობაა ისეთი მძღოლები, რომლებმაც აპლიკაციის დახმარებით შეუძლიათ ქალაქში გადაადგილება.

„ჩვენ ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარებაში და google-ის აპლიკაციებში დავამატოთ ლოკაციების აღნიშვნები. თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან თბილისში ახალი ქუჩები ჩნდება, აპლიკაციის განახლება კი ოპერატიულად ვერ მისდევს ამ პროცესს,“ - აღნიშნა თავართქილაძემ.

business-partner.ge