თამბაქოს კონტროლის ალიანსი ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივით გამოდის და მოითხოვს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში საჯარიმო სანქციების მნიშვნელოვან გამკაცრებას. ამის შესახებ ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ალიანსი ავრცელებს.
ალიანსის განცხადებით, ბოლო დროს, სოციალურ და ციფრულ მედიაში გახშირდა ინფლუენსერებისა და სამედიცინო სფეროს წარმამდგენელთა მხრიდან თამბაქოს ალტერნატული ნაწარმის (ელ. სიგარეტი, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი და ნიკოტინის საწუწნი ბალიშები) უკანონო და არაეთიკური რეკლამა-პოპულარზაცია, რისი ძირითადი სამიზნეც მოზარდები და ახალგაზრდები არიან.
როგორც ალიანსში აცხადებენ, მოქმედი კანონმდებლობით, 2018 წლიდან თამბაქოს ნაწარმის ჩამონათვალში შესულია თამბაქოს ალტერნატული ნაწარმი. შესაბამისად, აკრძალულია ელ. სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს, ნიკოტინის ბალიშების და სხვა მსგავსი ნაწარმის, აქსესუარის ან/და მათი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის ინტერნეტით ან ფოსტით საცალო რეალიზაცია. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში პირველ ჯერზე ჯარიმა 2000 ლარია, განმეორებისას – 4000 ლარი. ამავე პერიოდიდან აკრძალულია თამბაქოს ალტერნატული ნაწარმის, აქსესუარის ან/და მათი მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით), „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების დარღვევისას ჯარიმა 5 000 ლარია.
„აღნიშნული საჯარიმო სანქციების მიუხედავად თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრია განაგრძობს ელ. სიგარეტის, გასახურებელი თამბაქოს და ნიკოტინის ბალიშების უკანონო მარკეტინგს. ე.წ. „თამბაქოს ზიანის შემცირების“ არასწორი ინტერპრეტაციით ეწევა აღნიშნული ნაწარმის პოპულარიზაციას. ამიტომაც ჩვენი წინადადებით, პირველ ჯერზე საჯარიმო სანქცია 20 000 ლარამდე უნდა გაიზარდოს, ხოლო ყოველ განმეორებით შემთხვევაზე
50 000 ლარი გახდეს.“ – აცხადებს ალიანსი და ასევე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო მონიტორინგის ეფექტური სახ. პროგრამის საშუალებით, დახურულ სივრცეებში კანონმდებლობის აღსრულების მექანიზმის მეტ-ნაკლებად გამართული მუშაობა არ კმარა, რადგან ციფრული და სოციალური მედია (პოდკასტები, მოკლე ვიდეოფორმატები „რილსები“, ვიდეობლოგები) დღემდე რჩება გამოწვევად და ათასობით ბავშვსა და მოზარდს ითრევენ ნარკომანიის ამ უმძიმეს ფორმაში. ალიანსის დაკვირვებით, თამბაქოს ინდუსტრია მარტივად აკომპენსირებს მოქმედ, დაბალ საჯარიმო სანქციას (5 000 ლარი) იმ პირთათვის, რომლებიც მათ პროდუქტს არეკლამებენ. შედეგად: მედიასივრცეში ირღვევა სამედიცინო ეთიკა. ინდუსტრიის ინტერესების გამტარებელი ექიმები საზოგადოებას მოუწოდებენ არა მოწევისთვის თავის დანებებას, არამედ ტრადიციული თამბაქოდან ახალ ტექნოლოგიურ პროდუქტებზე (ელექტრონული სიგარეტი, „ვეიპი“, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი) გადასვლას. ცნობილი ინფლუენსერები სოციალურ ქსელებში აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას თამბაქოს მომწამვლელ პროდუქტებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაცვლად ავადმყოფური ქცევის ინსპირაციას ახდენენ მოზარდებში, რომლებიც უკონტროლო, გაუფილტერავი ციფრული კონტენტის პირობებში განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან
არსებული 5 000-ლარიანი ჯარიმა თამბაქოს ინდუსტრიისთვის არაფრისმთქმელი ხარჯია. ამიტომაც ამ თანხას მარტივად უნაზღაურებენ იმ ექიმებსა თუ ინფლუენსერებს, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას ცდილობენ. ჯარიმების 20 000 და 50 000 ლარამდე გაზრდა იქნება ერთადერთი ეფექტური ბარიერი, რაც ინდუსტრიას დაუკარგავს ინტერესს, საკუთარი მოგების ხარჯზე დააფინანსოს კანონდარღვევა და რაც შეიძლება მეტი მოზარდი ჩაითრიონ ნარკომანიის ამ ფორმაში“ – აცხადებენ თამბაქოს დასრულებისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის ალიანსში და ამავე დროს მიმართავენ საქართველოს მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს: 1. დაუყოვნებლივ მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც გაზრდის საჯარიმო სანქციებს ინტერნეტ და ციფრულ მედიასივრცეში ფარული თუ პირდაპირი რეკლამირების შემთხვევებზე. 2. მკაცრი მონიტორინგი დაწესდეს სოციალურ ქსელებსა და ციფრულ პლატფორმებზე, სადაც თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ახალი პროდუქტების პოპულარიზაცია მიმდინარეობს და გამკაცრდეს კანონის აღსრულება. ალიანსი მთავრობასა და პარლამენტს ასევე შეახსენებს, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომავალი თაობის მავნე ზეგავლენისგან არიდება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.