საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესების შესაძლებლობა გაიზარდა, ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6.4%-ია.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები „BB“ დონეზე დატოვა, თუმცა რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.

სააგენტოს შეფასებით, გადაწყვეტილებას ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მაღალმა ზრდამ, შედარებით კონსერვატიულმა ფისკალურმა და მონეტარულმა პოლიტიკამ, ასევე ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებამ. S&P განსაკუთრებით აღნიშნავს საერთაშორისო რეზერვების ზრდას, რომლებმაც 2026 წლის ივლისში დაახლოებით 7.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად დაახლოებით 52%-იანი მატებაა.

S&P-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 6.4%-ით გაიზრდება, მაშინ როდესაც თებერვალში სააგენტო 5.4%-იან ზრდას ელოდა. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5%-იან ნიშნულს უნდა დაუახლოვდეს.

სააგენტო ასევე პროგნოზირებს, რომ მთავრობის დეფიციტი საშუალოვადიან პერიოდში მშპ-ის დაახლოებით 2%-3%-ის ფარგლებში დარჩება, ხოლო წმინდა სახელმწიფო ვალი მშპ-ის 30%-ზე ოდნავ მაღალ დონეზე დასტაბილურდება.

ამასთან, S&P მთავარ რისკებად კვლავ ასახელებს საქართველოში მაღალ პოლიტიკურ პოლარიზაციას, ევროკავშირთან და რამდენიმე დასავლელ პარტნიორთან დაძაბულ ურთიერთობებს, ასევე ქვეყნის საგარეო დაფინანსებაზე დამოკიდებულებას. სააგენტოს შეფასებით, თუ საგარეო რეზერვების ზრდა გაგრძელდება და ფისკალური მაჩვენებლები მოსალოდნელზე უკეთესი იქნება, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის გაზრდის შესაძლებლობა არსებობს.