საქართველოში ძალიან ბევრი ლოგიკური და გონივრული შეღავათია, თუმცა, არის სუფთა ქართული, ლობისტური გავლენის შეღავათებიც, რაც ბაზარზე სიტუაციას ამახინჯებს,- ამის შესახებ Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელმა ზურაბ ძნელაშვილმა რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა.
ძნელაშვილის თქმით, საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქცია დღგ-სგან გათავისუფლებულია, რაც ფერმერებს საგადასახადო ტვირთს უმსუბუქებს, თუმცა პრაქტიკაში მათ სერიოზულ სირთულეებს უქმნის. რადგან გადამამუშავებელი საწარმოები, სუპერმარკეტები და რესტორნები უპირატესობას აძლევენ დღგ-ით დაბეგრილ საქონელს, ფერმერები ხშირად ვერ ახერხებენ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას — შედეგად კი ბაზარზე იმპორტული პროდუქცია უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა.
,,ვიცით, რომ დიდი ხანია, სოფლის მეურნეობაში საგადასახადო შეღავათები მოქმედებს, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია განთავისუფლებულია დღგ-სგან. საუბარია პროდუქციაზე მის სამრეწველო გადამუშავებამდე. არის მხოლოდ ორი გამონაკლისი - ქათამი და კვერცხი.
ჩემი პრაქტიკიდან პრობლემა შეექმნა, მაგალითად, მზესუმზირას, ხორბლის, თხილის, ღორის ხორცის მიწოდებას. პრობლემა არის ის, რომ ფერმერები პროდუქციას აწვდიან რესტორანს, სუპერმარკეტს ან გადამამუშავებელ საწარმოს. ასეთი მსხვილი შემძენები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ პროდუქციას, რომელიც დღგ-თი იბეგრება, რათა დღგ-ს ჩათვლა შეძლონ. ვინაიდან სოფლის მეურნეობა გათავისუფლებულია ამ გადასახადისგან, ფერმერი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას ვერ ახერხებდა, შემძენი კი - ჩათვლას. იყო ულტიმატუმები, თუ დღგ-თი არ მომაწვდი, არ ჩავიბარებ. შედეგად მივიღეთ ის, რომ რეალურად იმპორტული პროდუქცია წახალისდა",- ამბობს ძნელაშვილი.
მისივე თქმით, მსხვილი კონტრაქტორების მქონე ფერმერები შეღავათებით არ უნდა სარგებლობდნენ.
,,ვფიქრობ, შემოსავლების სამსახურმა უნდა მისცეს ფერმერებს საშუალება, არ ისარგებლონ შეღავათით. შეღავათი ხომ უფლება არის და არა - ვალდებულება. ვისაც მსხვილი კონტრაქტორი ჰყავს, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, არ ისარგებლონ შეღავათით, დაბეგრონ მიწოდება და შემძენიც შეძლებს დღგ-ს ჩათვლას. ეს დღეს მაინც ხდება რისკის ფასად და თუ ვინმე გამოიჭირეს, პრობლემებს უქმნის საგადასახადო, ამის ლეგალიზაცია თუ მოხდება, პრობლემაც აღარავის შეექმნება",- თქვა ზურაბ ძნელაშვილმა "კომერსანტის" ეთერში .