2025 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტი 19%-ით, 403 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც საგარეო ვაჭრობის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯერჯერობით უცნობია, რამ განაპირობა იანვარში ექსპორტის მკვეთრი მატება. საგარეო ვაჭრობის დეტალური ანგარიში 19 თებერვალს გამოქვეყნდება.
ანგარიშის დეტალების გასაჯაროებამდე ,,კომერსანტი“ დაინტერესდა, რამ განაპირობა ექსპორტის ზრდა. ჩვენ ,,ექსპორტის განვითარების ასოციაციის’’ გამგეობის წევრს გვანცა მელაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ექსპორტის ზრდა შესაძლოა შავ ზღვაზე ტვირთბრუნვის მატებამ განაპირობა. გვანცა მელაძე განმარტავს, რომ წინა წელს საზღაო გადაზიდვების მოცულობამ იკლო, რადგან შავ ზღვაში ტრანსპორტირებისათვის ხელსაყრელი პირობები არ იყო. ექსპორტის ასეთი მატება კი შესაძლოა ზღვაში ტვირთბრუნვისთვის კარგი ამინდით და გადაზიდვებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფით აიხსნას. გვანცა მელაძე განმარტავს, რომ საქართველოს ექსპორტში დიდი წილი ნაყარ ტვირთზე მოდის (რაც არის ფეროშენადნობი, აზოტოვანი სასუქები, შავი ლითონები, სპილენძის მადნები და სხვა), რომელთა გადაზიდვებიც ძირითადად საზღვაო ტრანსპორტით ხორციელდება.
,,შარშან იანვარში მნიშვნელოვანი კლება იყო, მაშინ ეს გამოწვეული იყო ძირითადად საზღვაო გადაზიდვების ხარჯზე, როდესაც შესაბამისი ხელსაყრელი პირობები არ იყო შავ ზღვაში ამ ტიპის გადაზიდვისთვის. ნაყარი ტვირთი იყო ძირითადად შემცირებული. (ანუ ძირითადად წიაღისეული და ლითონები) აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ხელსაყრელი პირობების გამო შავ ზღვაზე გაიზარდა ტვირთბრუნვა და აქედან გამომდინარე იანვარი დაიტვირთა. ერთთვიან ჭრილში რთულია ანალიზის გაკეთება, რადგან შესაძლოა დაკავშირებული იყოს ლოჯისტიკასთან და არ იყოს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი. ვინაიდან ჩვენი ექსპორტის ყველაზე დიდი წილი ისევ ნაყარ ტვირთებზე მოდის, რომელთა ტრანსპორტირებაც საზღვაო გზით ხორციელდება. ამიტომ, შესაძლებელია აქედან იყოს ეს ეფექტი გამოწვეული. 2024 წლის იანვარში 2023 წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირებული იყო ექსპორტი. შესაბამისად, წლევანდელი ზრდა ფაქტობრივად უტოლდება 2023 წლის მონაცემს. ამიტომ, უნდა შევხედოთ მინიმუმ კვარტალურ ჭრილში, რომ დავინახოთ რეალური სურათი. შესაძლოა ხელსაყრელი ამინდის გამო ან გაუმჯობესებული უსაფრთხოების გამო შავ ზღვაზე იანვარში ტვირთბრუნვა უფრო გაზრდილიყო. შესაძლებელია, ზრდა უბრალოდ დაკავშირებულია გაზრდილ გაყიდვებთან. ეს ჯერ ვარაუდია, სანამ არ გახდება ცნობილი რა პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა.’’- აცხადებს გვანცა მელაძე.
საქართველოს ექსპორტზე ყველაზე დიდი მოცულობით ნაყარი ტვირთი გააქვს, რაც აზოტოვანი სასუქები, შავი ლითონები, სპილენძის მადნები და ფეროშენადნობი პროდუქციაა. მოცულობით მეორე ადგილზე საფეიქრო ნაწარმია. ექსპორტში ღირებულების მიხედვით სასმელს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.