კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) კვლევის მიხედვით, შემოწმებული 228 ინფლუენსერიდან 92% სოციალურ ქსელებში სარეკლამო შინაარსის კონტენტს ავრცელებდა, თუმცა მხოლოდ ყოველი მეხუთე მომხმარებელს მკაფიოდ ატყობინებდა, რომ პოსტი რეკლამას წარმოადგენდა.

სააგენტოს შეფასებით, ინფლუენსერ მარკეტინგი ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მიმართულებად ჩამოყალიბდა და მომხმარებელთა გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რადგან ინფლუენსერების რეკომენდაციები ხშირად პირად გამოცდილებად და სანდო რჩევად აღიქმება.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული კონტენტის და ვირტუალური ინფლუენსერების ზრდასთან ერთად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით ახალი გამოწვევები ჩნდება.

GCCA-ის ინფორმაციით, კვლევამ კიდევ ერთი პრობლემა გამოავლინა — იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც ინფლუენსერები სარეკლამო შინაარსზე მიუთითებდნენ, ეს აღნიშვნა ხშირად ბუნდოვანი ან ძნელად შესამჩნევი იყო, რის გამოც მომხმარებლებს შესაძლოა რეკლამა ჩვეულებრივ კონტენტად აღექვათ.