კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ აქტუალური გახდა შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, მოსახლეობის ნაწილი  წელს შავიზღვისპირეთში დასვენებისგან თავს იკავებს, კვლევების და ექსპერტების განცხადებების მიუხედავად, რომ ამ ეტაპზე შავი ზღვა საშიშ ზონას არ განეკუთვნება, სასტუმროებს ჯავშნები მაინც არ აქვთ.

ურეკის სასტუმრო „კოლხიდას“ მფლობელი ხათუნა ლაგაზიძე „კომერსანტთან“ ამბობს, რომ წელს ტურისტული სეზონი ფაქტობრივად ჩავარდნილია, მის გადასარჩენად კი მთავრობა არაფერს აკეთებს.

„შავიზღვისპირეთში სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი ძალზე მძიმე მდგომარეობაშია. სასტუმროების ჯავშნების მხრივ ალბათ მხოლოდ 30%-ია იმისა, რაც შარშან იყო, ეს არამარტო ურეკის მაგალითია, არამედ მთელი შავიზღვისპირეთის.

აუცილებელია ხელისუფლებამ გააანალიზოს ამის მიზეზი, ეს გამოწვეულია კახოვკის ჰესის აფეთქების შემდეგ მისი თანმდევი დეზინფორმაციით, რომელიც შავ ზღვას უკავშირდება, თუ ეს არის ტენდენცია, რომელიც გაგრძელდება შემდეგ წლებში. ტენდენციაში ვგულისხმობ მაგალითად ფასების ზრდას, რაც დაკავშირებულია ბიზნესის ხარჯების ზრდასთან, საინტერესოა ქართველი და უცხოელი დამსვენებლისთვის რამდენად მისაღებია არსებული ფასები. შესაბამისად, ამის გამოკვლევა აუცილებელია ბიზნესისთვის, რომ ვიცოდეთ რეალური მიზეზები. 

რაც შეეხება დეზინფორმაციას შავი ზღვის დაბინძურების შესახებ, კვლევებით დასტურდება, რომ ეს არის აგორებული შავი პიარი, შესაბამისად თუ დამსვენებელთა სიმცირის მიზეზი ეს არის, აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან რეაგირება, არამხოლოდ ყოველ 10 დღეში კვლევების გამოქვეყნება, არამედ ყოველდღიურად სპეციალისტების მიერ უნდა ხდებოდეს იმის დასაბუთება, რომ შავი ზღვა მართლაც სუფთა და უსაფრთხოა დასვენებისთვის. მხოლოდ ვალი მოიხადო 10 დღეში ერთხელ და შემდეგ წამოწოლილს გეძინოს, ასე საქმე არ კეთდება. ამიტომ აქტიური ჩართულობა აუცილებელია, რადგან დარჩენილია თითქმის 2 თვე და იქნებ გადარჩეს შავიზღვისპირეთში არსებული ბიზნესები. აქ მხოლოდ სასტუმრო ბიზნესზე არ არის საუბარი, ეს ყველას ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება, როგორც სარესტორნო, ისე სხვა ბიზნესებსა და დასაქმებულ კადრებზე“, - ამბობს ლაგაზიძე.

მისი თქმით, შავიზღვისპირეთში ჩავარდნილი ტურისტული სეზონი კრედიტების გადაუხდელობაზეც აისახება, რადგან ტურისტული ბუმის მოლოდინის იმედად არაერთი სასტუმროს მფლობელმა გაზარდა საწოლფონდი, რისთვისაც სესხი აიღო.

„კერძო სექტორი ძალიან დაიტვირთა საბანკო კრედიტებით, რადგან ჩათვალეს რომ ტურისტული ბუმი გაგრძელდებოდა და ტენდენცია მზარდი იქნებოდა, ბევრმა საწოლფონდის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა და ეს საბანკო კრედიტების საშუალებით მოახდინა. შესაბამისად, წელს არამხოლოდ ბიზნესების მხრიდან ბიუჯეტის შევსების, არამედ კრედიტების გადახდის პრობლემა დადგება. ჯერჯერობით დუმს ხალხი, რადგან დარჩენილია კიდევ 2 თვე და იმედი აქვთ. შავიზღვისპირეთში ჩავარდნილი ტურისტული სეზონი არამხოლოდ ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებაზე, კრედიტების გადაუხდელობაზეც აისახება.

მაგალითად ჩვენ სასტუმროზე შუა აზიის ქვეყნებიდან დიდი ინტერესი იყო, თუმცა კახოვკის ჰესის აფეთქების და აგორებული დეზინფორმაციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური რეკლამა გახუთმაგებული გვაქვს, ჯავშნები შეჩერდა“, - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.