სამშენებლო და დეველოპერული სექტორი ახალი რეგულაციისთვის ემზადება. 1 ივლისიდან, ძალაში ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები შედის. რეგულაცია შეეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად მისი საკუთრების ფორმისა. იმ შემთხვევაში თუ კერძო, ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს იმას, თუ როგორი უნდა იყოს შენობის კონსტრუქცია, სახურავი, კედლები და კარ-ფანჯრები.
სამშენებლო-სარემონტო კომპანია „აშენეს“ დამფუძნებელმა ამირან ფირცხალაიშვილმა „კომერსანტთან“ აღნიშნა, რომ რეგულაციის შედეგად კერძო სახლის 1 კვ.მ შავი კარკასის მშენებლობის ფასი 200-250 დოლარის ნაცვლად შესაძლოა 350 დოლარამდე გაიზარდოს.
„ახალი რეგულაცია ძალიან ცუდია, ვფიქრობ ყველა დამკვეთმა თავად უნდა გადაწყვიტოს როგორი სახლი სურს, იქნება ეს ენერგოეფექტური, თუ არა და ეს სავალდებულო არ უნდა გახდეს.
ეს რეგულაცია აუცილებლად გააძვირებს მშენებლობის ფასს, რადგან იმისათვის რომ ენერგოეფექტური იყოს სახლი, უნდა გამოიყენებოდეს ენერგოეფექტური ბლოკები ფასადზე, სახურავის იზოლაციაც უნდა გაუმჯობესდეს და ა.შ. თუ ჩვეულებრივი ბეტონის ბლოკი ღირს 1.5-დან 3 ლარამდე, მაგალითად ენერგოეფექტური ბლოკი ღირს დაახლოებით 5-6 ლარი. შესაბამისად უხეში გათვლებით შავი კარკასის ფასი შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც, ანუ 1 კმ.მ. შავი კარკასის ღირებულება თუ ჩვეულებრივი მასალით ღირს 200-დან 250 დოლარამდე, გახდება 300-დან 350 დოლარამდე.
მშენებლობის და უძრავი ქონების ფასები ბევრ რამეს განაპირობებს ბაზარზე, ამიტომ გაძვირდება სხვა სერვისებიც. შესაძლოა ადამიანს არ აქვს გათვლა ენერგოეფექტურობაზე, მიუხედავად იმისა რომ შემდეგ მომხმარებელს გაგრილება/გათბობის ნაწილში გარკვეული შეღავათი ექნება, ვფიქრობ სავალდებულო არ უნდა იყოს და თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორი სახლი აიშენოს“, - აღნიშნა ამირან ფირცხალაიშვილმა.
1 ივლისიდან ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამადასტურებელი დეკლარაციის წარდგენის გარეშე პროექტი სამშენებლო ნებართვას ვერ მიიღებს.