მიმდინარე წელს თბილისთან ახლოს მდებარე ღონისძიებების სივრცე „შუაგულს“ განახლებული მენეჯმენტი, ახალი მარკეტინგული სტრატეგია, განახლებული მენიუ და ახალი სერვისები აქვს.

რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებლებს ახალი მენეჯმენტი, როგორია მსგავსი სივრცეების მიმართ მოთხოვნა და რამდენად დიდია დაინტერესება უცხოელების მხრიდან, ამ თემებზე „კომერსანტს“ „შუაგულის“ მარკეტინგის მენეჯერი ხატია ზაქაშვილი ესაუბრა.

„2023 წლიდან „შუაგულის“ სრული რებრენდინგი განხორციელდა. კომპანიას ახალი გუნდი, ახალი მენეჯმენტი და ბევრი სიახლე აქვს მიმდინარე წელს, რამაც მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა და შეიძლება ითქვას შარშანდელთან შედარებით 35-40%-ით არის გაზრდილი მომხმარებელთა რაოდენობა.

ქართველებთან ერთად გაზრდილია მოთხოვნა უცხოელი სტუმრების მხრიდან, მათთვის საინტერესოა გასტრო-ტურები, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ტურისტებს და არა მხოლოდ მათ, საშუალება აქვთ თავად მიიღონ მონაწილეობა ქართული პურის, სალათის, ჩურჩხელის მომზადებაში, დააგემოვნონ ღვინო და მიიღონ ინფორმაცია ქართული კულტურის შესახებ რომელსაც ვთავაზობთ. თუმცა, საბოლოო ჯამში ჩვენი ძირითადი მომხმარებელი მაინც ქართველები არიან, ისინი შეადგენენ დაახლოებით 80%-ს“, - ამბობს ხატია ზაქაშვილი.

მისი თქმით, „შუაგული“ უნიკალური ადგილია, თბილისიდან 15 წუთის სავალზე, რომელიც სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებისთვის 7 სივრცეს აერთიანებს. 

„გულის ფორმის კუნძული, მოლივლივე ტბა და სურვილების ჩანჩქერი იდეალურ ჰარმონიას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ცხოვრების საუკეთესო მომენტების აღნიშვნა გადაწყვიტეს.

წელს მენეჯმენტი წარმატებული კადრებით დაკომპლექტდა, შემუშავდა ახალი მარკეტინგული სტრატეგია, მენიუს კი ბრენდ-შეფების მიერ შექმნილი უგემრიელესი კერძები დაემატა. „შუაგულში“ განსხვავებულად და გამორჩეულად აღნიშნავენ ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, როგორიცაა ნათლობის დღესასწაული, დაბადების დღე, ქორწილი, სქესის გაგების ცერემონია, კორპორაციული წვეულებები და ეკოტურები ჩვენს სანერგეში“, - აცხადებს ხატია ზაქაშვილი.

მისი ინფორმაციით, „შუაგულთან“ ახლოს მოწყობილია გლემპინგი, სადაც მდებარეობს 10 კოტეჯი და მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს ამ სერვისით.