მსოფლიოში ცხოველურ ცილაზე მზარდი მოთხოვნაა. ყოველ წლიურად მოხმარება იზრდება საქართველოშიც. განსაკუთრებით იმატებს ქათმის ხორცის მოხმარება. აღნიშნულის მიზეზად „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი ქათმის ხორცის შედარებით დაბალ ფასს ასახელებს.
,,მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცხოველურ ცილაზე მოთხოვნა იზრდება. ფრინველის ხორცი იქნება თუ კვერცხი იქნება, ღორი თუ ძროხა, არ აქვს მნიშვნელობა. ცხოველურ ცილაზე მოთხოვნა იზრდება ყოველ წელიწადს. მეორე მომენტია, რომ ფრინველის ხორცი უფრო ნაკლებად გაძვირდა, ვიდრე სხვა ხორცი. საქართველოს მასშტაბით რომ ავიღოთ, მაგალითად ღორი საქართველოში საერთოდ აღარ არსებობს და იმპორტზე ვართ ჩამოკიდებული. მესაქონლეობის მიმართულებით გვაქვს პრობლემები. ქათამი უფრო ნაკლებად გაძვირდა და უფრო ხელმისაწვდომია. ფაქტობრივად ყველაზე იაფი ხორცია. შესაბამისად, როცა ხორცზე მიდის საუბარი, იქიდან გამომდინარე, რომ არ ვართ შვეიცარია და მსგავსი ქვეყანა უფრო იაფიანი ხორცისკენ მიდის ყველა.’’- აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, გასულ წელს დაახლოებით 77 ათასი ტონა ქათმის ხორცი მოვიხმარეთ. საიდანაც ადგილობრივი წარმოების მხოლოდ 37% იყო. დანაკლისს ქვეყანა იმპორტირებული საქონლით ავსებს. ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, რომ მოხმარება ყოველწლიურად 3-4%-ით იზრდება.
,,10 წლის წინ თუ იყო მოხმარება 60 ათასი ტონა ახლა არის 77 ათასი. შარშანდელი მონაცემები ბოლომდე დაზუსტებული არ არის, მაგრამ დაახლოებით 77 ათასი ტონა ქათმის ხორცი გვაქვს მოხმარებული. დაახლოებით 3-4%-ით იზრდება მოხმარება ყოველწლიურად. იზრდება ადგილობრივი წარმოებაც. პროცენტულად რომ ავიღოთ, 60 ათას ტონას როცა მოვიხმარდით, ადგილობრივი მაშინაც 30-35% იყო. მოთხოვნა და ადგილობრივი წარმოება დაახლოებით ერთნაირად ვითარდება.’’- აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
ადგილობრივ ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად წარმოების მინიმუმ გაორმაგებაა საჭირო. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე ამ ბიზნეს საქმიანობაში ჩართვის მსურველთა რაოდენობა დიდია. თუმცა, მსურველები მრავალ პრობლემას აწყდებიან, რის გამოც ისინი ქათმის ხორცის შემოტანას ამჯობინებენ, ვიდრე მის ადგილზე წარმოებას. „მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი იმ პრობლემებზე გვესაუბრა, რაც დარგის განვითარებას აფერხებს.
,,ყველა მეწარმე ჯერ ბაზარს იკვლევს და მერე ახდენს ბიზნეს ქმედებას. როცა ხედავ, რომ დაახლოებით 60% არის იმპორტირებული, იმპორტის ჩანაცვლების სურვილი ყოველთვის გიჩნდება. მაგრამ ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული ბიზნეს აქტივობის დაწყება. სანაშენე ფრინველის ბაზა გვიჭირს. საინკუბაციო კვერცხი და წიწილა შემოდის სხვადასხვა ქვეყნიდან. იმპორტი გვაქვს. მეფრინველეობის ნებისმიერი მიმართულებისთვის პირველ რიგში გჭირდება საკვები ბაზა. ეს არის მარცვლეული: ხორბალი, სიმინდი, სოიო, მზესუმზირა. სამწუხაროდ ამ ოთხი პროდუქტიდან ვერც ერთზე სრულად ვერ ვიკმაყოფილებთ ჩვენს თავს. რეალურად ამიტომ ფერხდება განვითარება. როცა ბიზნესს გეგმას ამზადებ და ყველა ციფრს უღრმავდები უყურებ, რომ მაინც იმპორტზე ხარ დამოკიდებული. რა მნიშვნელობა აქვს. რაღაზე უნდა შემოიტანო ხორბალი და სიმინდი. უფრო ადვილია ქათმის შემოტანა. ამ კუთხით მიდიან. მაგიტომ სწრაფი ტემპებით წინ ვერ მივდივართ.’’- აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სექტორის განვითარებისთვის კომპლექსური მიდგომაა საჭირო. ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, რომ საჭიროა ფრინველების მოშენების ხელშეწყობა და მათი რაოდენობის გამრავლება. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში მხოლოდ ოთხი საწარმო მუშაობს, რომლებიც ქათმებს ინკუბატორში ამრავლებენ. მათგან ორი მცირე ზომისაა.
,,კომპლექსურად უნდა მოხდეს ყველაფრის ერთდროულად განვითარება. პროგრამები უნდა შეიკრას. მარცვლეულის მოყვანა უნდა წახალისდეს. ეს საკვებ ბაზას გააძლიერებს. მეფრინველეობაში იყო ძალიან კარგი პროგრამები. ზოგი გამოვიყენეთ, ზოგს ვადა გაუვიდა. სანაშენე ფრინველის თემას უნდა მიექცევა ყურადღება. დღეს მოქმედებს ოთხი საწარმო, მათგან ორი ძალიან პატარაა, რომლებიც რეპროდუქციას ახდენენ. თუ ამ კუთხით იქნება წახალისება, სუბსიდირება ან რაღაც მსგავსი, ეს კარგი იქნება. აღარ იქნება საძებნელი სანაშენე ფრინველი უცხოეთში და ბიზნესის წარმოება უფრო ადვილი და მომხიბვლელი იქნება.’’- აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.