“სასტუმროების ბიზნესში ვადაგადაცილებული სესხები იმის უტყუარი მაჩვენებელია, რომ ბიზნესები ვერ ახერხებენ დროულად სესხების დაფარვას... სახელმწიფომაც ალბათ უნდა იფიქროს ტურიზმის პრიორიტეტულ რეჟიმში მოქცევაზე”, - ამ თემაზე სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაია წერეთელმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ბიზნესსექტორში რაოდენობრივად ყველაზე დიდი მოცულობის ვადაგადაცილებული სესხი სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორშია. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში ამ ინდუსტრიაში ვადაგადაცილებულმა სესხებმა 135 მილიონ ლარს მიაღწია. კერძოდ: 2026 წლის მაისის მდგომარეობით, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორზე გაცემული კრედიტების მოცულობა 2.9 მილიარდ ლარს შეადგენს. ამ თანხიდან 135 მილიონი ლარი განეკუთვნება 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულ კრედიტებს, რაც 4.6%-იან ვადაგადაცილებას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის წინ ამ სექტორის ვადაგადაცილების მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო და პორტფელის 3%-ს შეადგენდა. ამასთან, სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორში ახალი დაკრედიტების გაცემა შეფერხებულია, მთლიანად სექტორის სესხების მოცულობა კი შემცირებულია. 2025 წლის მაისში პორტფელის ზომა 3.2 მილიარდი ლარი იყო და ის ერთ წელიწადში 2.9 მილიარდ ლარამდე შემცირდა, რაც 8%-იანი კლებაა.

მაია წერეთელი სასტუმროების სექტორში რამდენიმე ძირითად ტენდენციას გამოყოფს, რომელთა შორისაა: ბაზრის გაჯერება სასტუმროებით, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების არასაკმარისი რაოდენობა და საგარეო შოკებისადმი მგრძნობელობა.

ინტერვიუ მაია წერეთელთან

- სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის საკრედიტო პორტფელის ზომა როდესაც თითქმის სამი მილიარდი ლარია, 135 მლნ ლარის ვადაგადაცილება საგანგაშო ნამდვილად არ არის, მაგრამ რადგან მზარდია, თქვენი შეფასებით, რა იმალება მშრალი რიცხვების მიღმა - რა არის ამ ტენდენციის მთავარი მიზეზი?

- ტურიზმის სფერო განსაკუთრებით სენსიტიურია ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ცვლილებების გამო. არცერთი ბიზნესი ისეთ დონეზე არ ზიანდება, როგორც ტურიზმი. ვფიქრობ, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა ტურიზმს. ხშირად ხდება, რომ სასტუმროები სავსეა ჯავშნებით, თვეებით ადრე ვხედავთ საკმაოდ პოზიტიურ პროგნოზს და ერთი პატარა ტურბულენტობაც კი მინიმუმამდე ჩამოიყვანს ხოლმე ჯავშნების რაოდენობას. ცხადია, ამიტომ, სახელმწიფომაც ალბათ უნდა იფიქროს რაიმე პრიორიტეტულ რეჟიმში ტურიზმის მოქცევაზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ტურიზმი წამყვანი დარგია და როდესაც საუბარია ტურიზმის ასეთი ტიპის ვარდნებზე და ტურბულენტობაზე, შესაბამისად, ის მთელ ეკონომიკაზე ახდენს გავლენას. ამიტომ ვფიქრობ, სესხებიც უპირველესი და უტყუარი მაჩვენებელია იმის, რომ ბიზნესები ვეღარ ახერხებენ დროულად ვალდებულებების დაფარვას იმ ჯავშნების გაუქმების ფონზე, რასაც იწვევს ხოლმე მსგავსი მოვლენები. ჩვენ, საბედნიეროდ, არ ვართ ერთადერთი გამონაკლისი. ახლახან ვესწრებოდი „მერიოტის“ ქსელის სასტუმროების საკმაოდ დიდ კონფერენციას, სადაც 800-მდე სასტუმრო იყო წარმოდგენილი ევროპის, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის ფარგლებში. წარმოიდგინეთ, აღმოსავლეთის სასტუმროებს განსაკუთრებით დიდი დარტყმა მიაყენა ასეთმა ცვლილებებმა, ასე რომ, ეს გლობალური პრობლემაა…

- რადგან ახსენეთ, რომ კარგი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან სასტუმროების პრიორიტეტულ რეჟიმში მოქცევა კარგი იქნებოდა – რა სახის მხარდაჭერას ისურვებდით სახელმწიფოსგან? მაგალითად, გადასახადების გადავადების ინიციატივა ხშირად მოდის სასტუმროების სექტორისგან, მაგრამ - უშედეგოდ.

- ზოგადად, თუ სესხების ნაწილს დავუბრუნდებით, სავარაუდოდ, შეღავათიანი სესხების მიდგომა უნდა გახანგრძლივდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მექანიზმები ქვეყნის მასშტაბით არსებობს, ვფიქრობ, ბანკებსაც უნდა ჰქონდეთ ეს მოტივი - ვინაიდან ტურიზმი პრიორიტეტული დარგია, ასეთ სფეროში სესხის გაცემა სხვა პროცენტულ მაჩვენებლებთან უნდა ასოცირდებოდეს. ალბათ, სახელმწიფოს თანადაფინანსების მექანიზმი კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს… რაც შეეხება საგადასახადო და სხვადასხვა პრიორიტეტულ შეღავათებს, ჩვენ მაინც ვრჩებით სეზონურ ქვეყნად, სადაც სეზონურობა სერიოზულ გამოწვევად რჩება. როგორც კი სეზონს თავს დავაღწევთ ხოლმე, მოდის ივნისი, როცა ქონების გადასახადი ერთვება. ამიტომ ვფიქრობ, განსაკუთრებით რეგიონში მდებარე სასტუმროებისთვის - სადაც სეზონურობა მკვეთრად შესამჩნევია - რაღაც შეღავათები უნდა გაკეთდეს. თბილისს სეზონურობა მეტ-ნაკლებად ეხება, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც რეგიონებს, სადაც წლის განმავლობაში მაქსიმუმ 6 თვეა მაღალი სეზონი, დანარჩენი კი, ფაქტობრივად, ლამის მკვდარ სეზონად ითვლება პატარა და საშუალო ზომის სასტუმროებისთვის. შესაძლოა, დიდ სასტუმროებს ან საერთაშორისო ბრენდის ქვეშ მყოფ ოპერატორებს არ ჰქონდეთ ასეთი ძლიერი გამოწვევა, რადგან მათ მეტი ფინანსური რესურსი აქვთ და იმდენად დამოკიდებულები არ არიან სესხებზე, მაგრამ აი, მცირე და საშუალო ბიზნესს ამ კონტექსტში მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდება.

ვრცლად bm.ge - ზე