რაჭაში მდებარე საოჯახო მარნისა და სასტუმრო კომპლექსის, „გონაძეების ვენახების“ დამფუძნებლის, ზვიად გონაძის განცხადებით, რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის დროებით აკრძალვა სამწუხარო ფაქტია.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სასურველია, მწარმოებლები მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არ იყვნენ დამოკიდებული და სტაბილურ, დაბალანსებულ ბაზრებზე იყვნენ ორიენტირებული.
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. იმედი გვაქვს, რომ ეს გაუგებრობაა და მოკლე დროში აღმოიფხვრება. სასურველია, მხოლოდ ერთ - რუსეთის ბაზარზე არ იყო დამოკიდებული, თუმცა კომპანიებს ვერ გავამტყუნებთ, რადგან იქ გადიან, სადაც ღვინის გაყიდვის შესაძლებლობა აქვთ. თუ კომპანია გაქვს, რა თქმა უნდა, სჯობს, სტაბილურ ბაზარზე იყო ორიენტირებული, სადაც მსგავსი სიურპრიზები არ დაგხვდება“, - განაცხადა ზვიად გონაძემ.
მისი თქმით, „გონაძეების მეღვინეობის“ მიერ წარმოებული ღვინო რუსეთში პირდაპირ არ გადის, თუმცა არაპირდაპირი გზით რუსულ ბაზარზე მაინც ხვდება.
„ჩვენ რუსეთში პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია არ გვაქვს, თუმცა სხვადასხვა კომპანია ხშირად ყიდულობს ჩვენს პროდუქციას და რუსეთთან თანამშრომლობს. შეიძლება ითქვას, რომ არაპირდაპირი გზით ჩვენც გარკვეულწილად ვთანამშრომლობთ“, - განაცხადა ზვიად გონაძემ.
ცნობისთვის, რუსეთმა ზოგიერთი ქართული კომპანიის პროდუქციის იმპორტზე დროებითი შეზღუდვა დააწესა. აკრძალვა შეეხება შემდეგ კომპანიებს: „თელიანი ველი“; „თბილღვინო“; „ძმები ასკანელები“; „ვაინმენი“; „ქართული ლუდის კომპანია“; „კოკა-კოლა“; „ნაბეღლავი“.