„ელექტროენერგეტიკის მიმართულებით ცოტა უფრო რბილი სიტუაციაა, ვიდრე ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საწვავის ექსპორტი აკრძალა, თუ სხვა ქვეყნებზე „გადაწყობა“ და გარკვეული პრობლემების მოგვარება არ მოხდა, არა მარტო ფასების კიდევ უფრო ზრდა იქნება გარდაუვალი, არამედ, ქვეყანაში შესაძლოა, ნავთობპროდუქტების დეფიციტი შეიქმნას.

„ელექტროენერგეტიკის მიმართულებით ცოტა უფრო რბილი სიტუაციაა, ვიდრე ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნება. თუ დროზე არ გადავეწყვეთ, ბუნებრივია, მოხდება ფასების ზრდა. ფასების ზრდა აუცილებლად მოხდება იმიტომ, რომ ევროპული ნავთობპროდუქტები ძვირია, რუსულთან შედარებით. გადასვლა განპირობებული იყო იმით, რომ იაფი იყო რუსული ნავთობპროდუქტები, ახლა თუ საკითხი დადგა ისე, რომ ევროპული და რუსული პროდუქტის ფასები ერთი და იგივე უნდა იყოს, ბუნებრივია, სახელმწიფომ სტაბილური მომწოდებელი უნდა ნახოს.

მე ვფიქრობ, სწრაფად უნდა მოხდეს აზერბაიჯანზე და ევროპაზე გადაწყობა. აქ არის ერთი პრობლემა, ელექტროენერგიასთან დაკავშირებით, ტრანზიტის გადასახადი გაიზარდა, ხოლო ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით, შემოტანა აიკრძალა, ეს ორი განსხვავებული მცნება გახლავთ. იქ თუ ფული მაქვს, ვიყიდი რამდენსაც მინდა, აქ - ფულიც რომც მქონდეს, ვერ ვიყიდი. ამიტომ, ნავთობპროდუქტებში გაცილებთ რთული სიტუაცია გვაქვს, ვიდრე ელექტროენერგეტიკაში.

როგორც ჩანს აქ გაიზრდება აზერბაიჯანის წილი, იმიტომ, რომ იქ უფრო ადვილია ამ საკითხების მოგვარება. კი, აზერბაიჯანის ნავთობპროდუქტები, განსაკუთრებით, საავტომობილო საწვავის ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე რუსული, ევროპულზე აღარ ვსაუბრობ. არის აქ პრობლემები, რომელიც უნდა მოაგვარონ, თუ ეს დროში გაჭიანურდა, აქ შეიძლება დეფიციტთან იყოს საქმე, რაც რთული ამბავი იქნება ქვეყნისთვის.

სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ ძველი კავშირები, რაც იყო დაახლოებით 7-9 წლის წინ, აზერბაიჯანი, რუმინეთი, ბულგარეთ და ა.შ“,- განაცხადა გია არაბიძემ.

შეგახსნეებთ, რომ რუსეთმა, რომელიც საქართველოში ნავთობპროდუქტების მთავარი იმპორტიორია ბენზინისა და დიზელის ექსპორტი აკრძალა. ეს შეზღუდვა არ ეხება ევრაზიული კავშირის წევრ ქვეყნებს. ამასთან, იგივე რუსეთი გეგმავს ელექტროენერგიაზე საექსპორტო გადასახადის დაწესებას.

Bpn.ge