USAID-ის შპს „აგრობადესთან" პარტნიორობის შედეგად, საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოების პირველი ობიექტი დაარსდა. შიდა ქართლში, სოფელ რუისში მდებარე ქარხნის გახსნაში USAID-ის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა მიიღო მონაწილეობა. „აგრობადე“, სხვადასხვა კულტურებისთვის, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს და პლასტმასის ბადის პარკებს აწარმოებს.
„სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები მოსავლის განადგურების რისკის შემცირების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. ის ფერმერებს საკუთარი მოსავლის დაცვაში ეხმარება. თუმცა, ადგილობრივ ბაზარზე წარმოების სიმცირის გამო, საქართველოში ბევრ ფერმერს არ აქვს წვდომა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებზე.
ახლა უფრო მეტ ფერმერს ექნება წვდომა ხარისხიან ბადეებზე მათი მოსავლის დასაცავად, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს მახლობლად მდებარე სუპერმარკეტში გაიზრდება მაღალხარისხიანი ქართული პროდუქტის რაოდენობა და გაუმჯობესდება საქართველოს ფერმერთა ოჯახების შემოსავალიც“, - ნათქვამია USAID-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.