საქართველოშიც ხშირ შემთხვევაში პროდუქტის მესამედი ჩამოიწერება. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. თუ ამას სწორი მიმართულება მიეცემა, ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემსურსათის ბანკის“ შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, სამეზობლოში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც „სურსათის ბანკს“ ქმნის. მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ.

„ცალსახად შეიძლება, ითქვას, რომ ეს გადადგმული ნაბიჯი ძალიან კარგია. 21-ე საუკუნეში, სამწუხაროდ, პროდუქტის მესამედი ნაგავსაყრელზე იყრება. ჩვენს სამეზობლოში საქართველო პირველი ქვეყანა ხდება, რომელიც „სურსათის ბანკს“ ქმნის. ეს, პირველ ყოვლისა, იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეული პროდუქტი უფასოდ მიიღონ. საუბარია არა მალფუჭებად პროდუქტზე, არამედ – პროდუქტზე, რომელიც შეიძლება, დახლზე იყოს და გარკვეული პერიოდის შემდეგ ვადა გასდიოდეს, მაგრამ ვარგისიანობა ჰქონდეს. ეს ვარგისიანი პროდუქტი ერთ ადგილზე შეგროვდება და შესაბამისად გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ. ამასთან, აქ მხოლოდ იმ ადამიანებზე არ არის საუბარი, რომლებიც სპეციალურ დახმარებას იღებენ. საუბარია ყველაზე, ვინც მიიჩნევს, რომ ეს სჭირდება. ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით ჩამოწერილი პროდუქტის რაოდენობა დაახლოებით 1,3 მილიარდი ტონაა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოშიც ხშირ შემთხვევაში პროდუქტის მესამედი ჩამოიწერება. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. თუ ამას სწორი მიმართულება მიეცემა, ეს ნამდვილად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ჰორეკა სექტორისთვის ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, ამ სექტორში ხშირ შემთხვევაში შეიძლება, მალფუჭებადი პროდუქტი არსებობდეს და, გარკვეულწილად, სამაცივრე მეურნეობებია შესაქმნელი.

„აღნიშნული საკითხი ევროპაში დიდი ხანია არის. ჩვენ დღეს ვიწყებთ, რეალურად თავიდან აქ რითეილ სექტორი იქნება ჩართული. ჰორეკა სექტორისთვის ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, ამ სექტორში ხშირ შემთხვევაში შეიძლება, მალფუჭებადი პროდუქტი არსებობდეს და, გარკვეულწილად, სამაცივრე მეურნეობებია შესაქმნელია, რათა პროდუქტი დანიშნულების ადგილამდე მივიდეს და შემდეგ ის ბენეფიციარმა მოიხმაროს.
დღეს კანონი დაძრულია, რადგან ნაბიჯი გადადგმულია. ნამდვილად მისასალმებელია, თუ საქართველოში იმ ბაზისს შევქმნით, რომლითაც ბენეფიციარები დახმარებას მიიღებენ. ძალიან კარგი საქმე გაკეთდება. ეს ამ საკითხის ერთი მხარეა. აღნიშნულ საკითხს ბიზნესის კუთხით მეორე დადებითი მხარეც. ბიზნესი, რომელსაც კანონი პროდუქციის განადგურებას ავალდებულებდა, იბეგრებოდა, ამ შემთხვევაში კი ამ ფისკალური ვალდებულების გარკვეული ნაწილი მოეხსნებათ. გარკვეული ნაწილი გადასახადების წნეხისგან გათავისუფლდება.
ამასთან, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ გაითვალისწინოს, რომ შეიძლება, რაღაც “შავი ხვრელი” იყოს, რომლითაც ვიღაცამ ისარგებლოს (შეიძლება, ბიზნესის თუ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მხრიდან). აუცილებელია, რომ ეს ხვრელები აღმოფხვრილი იყოს და ბოროტად არ იქნეს გამოყენებული ის, რაც შეიძლება, კეთილ საქმეს მოხმარდეს.  მაგალითად, ეს თეორიულად შეიძლება, იყოს ის, რომ ბენეფიციარისთვის არა ვადიანი, არამედ უკვე ვადაგასული პროდუქტი იქნას მიწოდებული”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში “სურსათის ბანკი” შეიქმნება. პარლამენტი „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავს.

როგორ იმუშავებს “სურსათის ბანკი” საქართველოში და რა მიზნით იქმნება ის – ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტება მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ (FAO-ს) პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუბა მარუაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საუბარია იმაზე, რომ, ერთი მხრივ, სურსათის დანაკარგების და ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია მოხდეს, მეორე მხრივ, ამუშავდეს სისტემა, რომელიც სურსათის ორგანიზებულად შეწირულობას უზრუნველყოფს.

“რაც შეეხება თავად “სურსათის ბანკის” გაგებას და კონცეფციას – ეს არის ორგანიზებული, არამომგებიანი იურიდიული პირი (ამ შემთხვევაში, კანონპროექტით მას სურსათის ბინზესოპერატორის სტატუსი მიენიჭება), რომელიც სურსათის შეწირულობას და მის მოსახლეობაზე გადანაწილებას უწევს ორგანიზებას. ეს არის ორგანიზებული სისტემა, რომელიც მიღებული შეწირულობის – სურსათის ორგანიზებას, დახლზე განთავსებას, უვნებლობის უზრუნველყოფას გულისხმობს. ეს “სურსათის ბანკის” პასუხისმგებლობა იქნება”, – განაცხადა მარუაშვილმა.

მანვე განმარტა, რა კატეგორიის პროდუქცია მოხვდება “სურსათის ბანკში”. მისი თქმით, “სურსათის ბანკიდან” საზოგადოებამდე მხოლოდ უვნებელი პროდუქტი მივა.
“რაც შეეხება თავად სურსათის კატეგორიზაციას. ჩვენ, პირველ ყოვლისა, ყურადღებას დაბალი რისკის შემცველობის მქონე სასურსათო პროდუქტზე ვამახვილებთ. ვგულისხმობთ, მაგალითად, ბურღულეულს, მშრალ პროდუქციას, ხილს, ბოსტნეულს, არამც და არამც პირველ ეტაპზე ისეთ პროდუქციას, რომელიც უვნებლობის თვალსაზრისით მაღალ რისკებს შეიცავს, მაგალითად, ხორცპროდუქტებს, რძის პროდუქტებს. თუმცა, საერთაშორისო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ სათანადო ინფრასტრუქტურის და სისტემის გამართულად მუშაობის შემთხვევაში შეწირულობაში მაღალი რისკის შემცველობის პროდუქციის ჩაშვებაც ხდება. “სურსათის ბანკიდან” საზოგადოებამდე მხოლოდ უვნებელი პროდუქტი მიდის. საუბარია უვნებელ პროდუქტზე, არამც და არამც დაბალი ხარისხის და ნარჩენად ქცეულ პროდუქტზე, რომელიც დახლზე აღარაა განთავსებული”, – განაცხადა მარუაშვილმა.

kvira.ge