HSC Group Hospitality-ის დირექტორის, გიორგი დოლიძის თქმით, საქართველოში სასტუმრო ბიზნესი ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ მიმართულებად რჩება, რასაც სექტორის სტაბილური ზრდა და ქვეყნის ცნობადობის ზრდა განაპირობებს.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა, სასტუმროების სანომრე ფონდი სწრაფად ფართოვდება და 2028 წლამდე კიდევ უფრო მეტი ბრენდული, თუ არაბრენდული ობიექტის გახსნაა დაგეგმილი.
„უშუალოდ ჩვენი კომპანიის შემთხვევაშიც 4-5 მიმდინარე პროექტი გვაქვს, მათ შორის, კახეთში, ბათუმსა და თბილისში. ზოგადად, ვითარდება ქვეყანა და ვისურვებდი, რომ სხვადასხვა რაიონი კიდევ უფრო განვითარდეს და მხოლოდ თბილისი და ბათუმი არ იყოს ეპიცენტრი. იმისთვის, რომ ინვესტორმა პროექტი განახორციელოს რეგიონში, ამისთვის ზოგიერთ რეგიონში არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ზოგიერთ რეგიონში განსავითარებელია, ან ვითარდება.
მაგალითად, რაჭაში გზა ნამდვილად არ უშლის ხელს, რომ მაღალი კლასის, თანამედროვე დონის ობიექტი გაიხსნას, რაც პირველი მერცხალი იქნება ამ რეგიონისთვის და იქნება გამწევი ძალა, რომელიც რაჭას განავითარებს და სხვა ინვესტორებს აღნიშნულ რეგიონში ინვესტირებისკენ მოუწოდებს“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.
მანვე აღნიშნა, რომ 2025 წლის ტურიზმის მონაცემებმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა და მომდევნო წლებში, უფრო სწრაფი ზრდის მოლოდინი არსებობს.