„საქართველოს ბანკი“ ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით შპს „ეს ელ კომპანიმ“ საქმიანობის გაფართოება, ფილიალების დამატება და რეალიზაციის გაზრდა შეძლო.

ახალციხეში მდებარე კაფე-რესტორანი უკვე 3 ფილიალს ფლობს, სადაც 70-მდე ადამიანია დასაქმებული.  მიმდინარე წელს კი კიდევ 2 ფილიალის დამატება იგეგმება.

„კაფე-რესტორანი 2013 წელს დაარსდა და ფაქტობრივად ნული ბიუჯეტით დავიწყეთ. შესაბამისად, საქართველოს ბანკმა უდიდესი როლი ითამაშა ბიზნესის წარმატებაში და თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი საქმიანობის წინსვლაში, ასე გრძელდება დღემდე.

ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა, ყოველთვის მინდოდა მქონოდა საკონდიტრო, სადაც უამრავ დესერტს დავამზადებდი და ძალიან ბევრ ადამიანს გავულამაზებდი დღესასწაულს. ერთი პატარა კაფით დაწყებული ბიზნესი დღეს უკვე 3 ფილიალს აერთიანებს, ვმუშაობთ საკონდიტრო-ცომეულის მიმართულებით, ასევე გვაქვს ქართულ-ევროპული სარესტორნე მენიუ და ქეითერინგით მომსახურება. დღის განმავლობაში 1000-1200 ადამიანამდე გვსტუმრობს.

მუდმივად ვცდილობთ ჩვენი ცოდნის გაღრმავებას და ვესწრებით სხვადასხვა საინტერესო ტრენინგებს, ვითვალისწინებთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი შეფ-მზარეულების და კონდიტერების რჩევებს. პანდემიის პერიოდი ურთულესი იყო, თუმცა სწორი გადაწყვეტილებების შედეგად შევინარჩუნეთ გუნდი და გავაფართოვეთ ბიზნესი“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ლალი სამსონიძე. 

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ლალი სამსონიძე ამბობს, რომ ივლისის თვეში გაიხსნება ევროპული სტანდარტის საკონდიტრო, პურ-ფუნთუშეულისა და ნახევარ ფაბრიკატების ქარხანა, რომელიც უზრუნველყოფს ფილიალების უწყვეტ მომარაგებას მაღალი ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტებით. წარმოებული პროდუქცია რეგიონის მასშტაბით გავა ჰორეკა სექტორში და ასევე ქსელურ მარკეტებში. საწარმოში  100-მდე ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, წარმოებას დაემატება მშრალი ნამცხვრების საკონდიტრო ხაზი.