საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი 4 მარტისთვის 69.76 დოლარით განისაზღვრება, რაც ბოლო ერთ კვირაში 0.84%-იან კლებაა. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში შემცირებამ 1.03% შეადგინა და ბარელზე 72.81 დოლარს გაუტოლდა.
გლობალურ ბაზარზე ფასის შემცირების მიუხედავად, ქართულ ბაზარზე საწვავი 20 იანვრიდან 4-8 თეთრით გაძვირდა.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ იობაშვილი "კომერსანტთან" ამბობს, რომ ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველო გლობალურ ბაზარზე ფასმდგენი ქვეყნებიდან ნავთობს არ ყიდულობს.
„საქართველოში, WTI-ის ტიპის ნედლ ნავთობზე ფასების გაზრდა, ეს ადრეული მოვლენებიდან იყო გამოწვეული. მაშინ, საერთაშორისო ბაზარზე ფასები მომატებული იყო და უამრავი სპეკულაცია დაემთხვა სანავთობო ქვეყნებში. სიტუაცია განსაკუთრებით დაძაბულია იმ ქვეყნების ახლომახლო, სადაც სანავთობო ქვეყნები არიან.
საერთოდ ასეთი არითმიები სანავთობო ბაზარზე მუდამ იყო და იქნება.
მსოფლიო სანავთობო პოლიტიკის განმსაზღვრელი ქვეყნებიდან, ფაქტობრივად, ჩვენ საწვავს არ ვიღებთ. ანუ, არაბული ქვეყნებიდან ჩვენ საწვავი არ მოგვეწოდება, მსოფლიო სანავთობო ამინდს კი სწორედ ეს ქვეყნები ქმნიან. მას შემდეგ, რაც რუსული პროდუქცია სანავთობო ბაზარს დააკლდა, ამან თავისი გავლენა იქონია. ასევე, ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვანი გავლენა ლარის კურსმაც იქონია.
საერთოდ სანავთობო ბაზარი არაპროგნოზირებადია და მისი ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან არავინ იცის, პლატცს ხვალ როგორი ფასი ექნება“,- აღნიშნა იობაშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.