სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენა ხელს შეუწყობს სამართლიანი ბაზრის პრინციპების ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ კომპანია "კავკაზუს როუდ პროჯექტის" ხელმძღვანელმა, პაატა ტრაპაიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვით სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაადგენს.

მისივე შეფასებით, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ფასების გამოქვეყნება სამ თვეში ერთხელ უნდა ხდებოდეს.

"სამშენებლო მასალების სარეკომენდაციო საბაზრო ფასს ადრე დამოუკიდებელი ადამიანი ადგენდა. აუცილებელია, რომ ვიღაც სწავლობდეს ამ ფასებს და დამკვეთმა რეალური ფასები იცოდეს. საერთოდ ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც სახელმწიფოს ფულთან გაქვს საქმე უნდა იცოდე, რომ ოპტიმალურად დახარჯო. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა იცოდე ნამდვილი ფასი, არც ნაკლები უნდა იყოს არც მეტი. სწორედ ამიტომ, კომპეტენტურმა ორგანომ და ასეთი სწორედ არის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო უნდა აქვეყნებდეს ფასებს. აღნიშნული უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ სწორი ფასები გამოაქვეყნა.

აქვე უნდა დავამატო ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია კონტრაქტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. საქართველოში ის კონტრაქტები, რომლებიც დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციების მხრიდან ისინი სხვა კონტრაქტებით სარგებლობენ, ხოლო ჩვენი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტები სხვა კონტრაქტებით. რატომ უნდა იყოს 2 სხვადასხვა კონტრაქტი. აუცილებელია აღნიშნული საკითხის მოგვარებაც, რადგან ჩვენი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების კონტრაქტები მონათმფლობელური წყობილების მსგავსია", - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.

ცნობისთვის, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ახორციელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ეხება სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში შესასყიდი სამუშაოების სარეკომენდაციო ღირებულებების დადგენას, -  ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

დეპარტამენტმა შეისწავლა და გააანალიზა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შესყიდული ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები.

bp.ge