2022 წელს სახელმწიფომ საკუთარ მფლობელობაში არსებული საწარმოების სუბსიდირებაზე ბიუჯეტიდან 97.4 მლნ ლარამდე დაიხარჯა. მიმდინარე წლის 8 თვეში ამ მიზნით უკვე 57 მლნ ლარია დახარჯული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, კომპანიები შპს საქართველოს მელიორაცია, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, შპს ბლექ სი არენა ჯორჯია, შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია დამოკიდებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგულარულ ფინანსურ დახმარებაზე. ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით მიღებული თანხები მიიმართება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე ასევე საოპერაციო ხარჯების დასაფარად.
„2022 წელს შპს ბლექ სი არენა ჯორჯიამ მიიღო 73,2 მლნ ლარი 2023-2024 წლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზების მიზნით. აღნიშნული თანხა მოიცავს, როგორც არტისტების ჰონორარებს, ასევე ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს.
შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე 2023 წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილმა სუბსიდიამ 20.0 მლნ ლარი შეადგინა (2022 წელს - 80 მლნ ლარი), აღნიშნული სახსრები გამოყენებულ იქნა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული სასესხო ვალდებულების დასაფარად და საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად.
შპს მოსავლის მართვის კომპანია რთველის პერიოდში ყურძნის მიღება-გადამუშავებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების მიზნით, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად იღებს დაფინანსებას. ადგილობრივი მთავრობების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ჯანმრთელობის დაცვის, კომუნალური სერვისების, მშენებლობის და სხვა სექტორებში თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით ასევე მუდმივად საჭიროებენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხარდაჭერას. 2023 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გამოყოფილ იქნა 488.5 მლნ ლარი, მათ შორის მხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის საწარმოებზე მოდის მთლიანი მოცულობის 82%.
სუბსიდიებს იღებენ მუნიციპალური საწარმოებიც შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტებიდან, მათგან აღსანიშნავია შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანია, რომელზე გაცემულმა სუბსიდიამაც 2023 წელს გადააჭარბა 271 მლნ ლარს, (2022 წელს-230.6 მლნ ლარი), რაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და რეკონსტრუქციის პროექტების დასაფინანსებლად არის გამოყოფილი.
შპს თბილსერვის ჯგუფის საოპერაციო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერები შეადგენს საშუალოდ 110 მლნ ლარს“, - ნათქვამია ბიუჯეტის მიმოხილვაში.
2023 წელს სახელმწიფო საწარმოებმა 235 მილიონი ლარის ზარალი მიიღეს, ყველაზე ზარალიანი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაა, ყველაზე მომგებიანი კი რკინიგზა.