დარგში არაჯანმრთელი მდგომარეობა იქმნება, კარგად არ ვიცით მეღვინეებმა, არის თუ არა სახელმწიფო ჩვენი კონკურენტი და ხომ არ ვბრუნდებით იმ დროში, როცა სახელმწიფო ღვინოს აწარმოებდა, - ასე ეხმიანება ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე, ღვინის დარგის ექსპერტი გიორგი სამანიშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სახელმწიფო 2026 წლის რთვლის დროს ყურძნის 3 განსხვავებულ ფასს დაადგენს.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას გიორგი სამანიშვილი აღნიშნავს, საქართველოს აქვს 70 წლიანი გამოცდილება, რომ სახელმწიფო ხარისხზე ვერ მუშაობს. მისივე თქმით, ყურძნის თუნდაც სამ ფასად დაყოფა და სახელმწიფო ქარხნებში შესყიდვა დროებით დაქირავებული ღვინის კომპანიების მხრიდან მთლად კორუფციის თუ არა, გარიგებების ძალიან დიდ რისკებს აჩენს.

„მაღალი სხვაობა ყურძნის ფასებს შორის მხოლოდ შაქრიანობიდან გამომდინარე, გამოიწვევს ზუსტად იმას, რასაც გლეხები საბჭოთა კავშირში აკეთებდნენ - ისინი იყენებდნენ რაღაც მეთოდებს, რათა სახელმწიფო მოეტყუებინათ. გამოიყენებენ იმას, რომ ვინმეს დაარეკვინებენ ზემოდან, გაურიგდებიან, ვინც შაქარს ზომავს. თუ სახელმწიფო თვლის, რომ უნდა ღვინის წარმოება, ამას ვერ ავუკრძალავთ, უბრალოდ, ეს ოფიციალურად უნდა თქვას“, - აცხადებს გიორგი სამანიშვილი.

მისივე თქმით, სახელმწიფო გახდა ყველაზე დიდი მოთამაშე, ყველაზე დიდი ღვინისა და სპირტის მწარმოებელი, თუმცა ოფიციალურად ღვინოს არ აწარმოებს, დიდი ალბათობით, ამ ღვინოს, სპირტს და ასე შემდეგ, რომელიმე კომპანიის გავლით გაყიდის. შედეგად, დარგში არაჯანმრთელი მდგომარეობა იქმნება.

„წელს შედეგად მივიღებთ იმავეს, რაც შარშან იყო - სახელმწიფო შეისყიდის ყველაზე ბევრ ყურძენს, იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე ღვინის ყველა კომპანია ერთად, დაამზადებს ღვინოს და გაყიდის ბაზარზე იმ წესებით, რომელიც არ ვიცით, როგორი იქნება. ღვინის ეროვნული სააგენტო ერთი მხრივ, აკონტროლებს, რომ არ მოხდეს ფალსიფიკაცია, დასახელებების არასწორი გამოყენება და მეორე მხრივ, უკვე წელს გადაეცა ღვინის კომპანია და თან აწარმოებს, თან აკონტროლებს საკუთარ თავს. ძალიან იზრდება რისკები.

სახელმწიფოს რომ ეთქვა, რომ დაწევდა ფასებს ყურძნის შესყიდვაზე, ჩავთვლიდი, ჭარბი ყურძნის გატანას ცდილობს ბაზრიდან და ეს შეიძლება მისასალმებელი ყოფილიყო, მაგრამ სამი ფასის გამოცხადება და მათ შორის, მაღალი ფასი მაღალი ხარისხის ყურძენზე, ნიშნავს, რომ მას უნდა იყიდოს მაღალი ხარისხის ყურძენი, რისი ერთადერთი მიზანი მისგან ღვინის წარმოებაა, სხვა შემთხვევაში, ფული უბრალოდ გადაყრილია“, - აღნიშნავს გიორგი სამანიშვილი.