მინერალური და მტკნარი წლების, ასევე წვენების მწარმოებელი კომპანია „წყალი მარგებელში“ აცხადებენ, რომ პლასტიკის შეფუთვაში სასმელების გაყიდვის აკრძალვა ადგილობრივ წარმოებას მნიშვნელოვან რისკებს უქმნის.
როგორც BM.GE-ს კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტენსიური შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და ბიზნესი სასმელების პლასტიკის ბოთლებით გაყიდვის აკრძალვის საკითხზე კონსულტაციებისთვის მზად არის.
მათივე პოზიციით, პლასტიკის მართვის ერთიანი პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მაქსიმალურად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.
"მიმდინარეობს ინტენსიური შიდა კონსულტაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მსგავსი ტიპის აკრძალვა არ არსებობს. ამავდროულად, ინდუსტრიაში განხორციელებულია მრავალმილიონიანი, გრძელვადიანი ინვესტიციები, რის ფონზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან რისკებს უქმნის ადგილობრივ წარმოებას.
აღსანიშნავია ისიც, რომ უალკოჰოლო სასმელების PET შეფუთვა ნარჩენების საერთო ნაკადში 10%-საც არ აღწევს. შესაბამისად, მხოლოდ ამ სექტორზე მსგავსი ტიპის შეზღუდვის გავრცელება სისტემურ შედეგს ვერ მოიტანს. ჩვენი მხრიდან არსებობს სრული მზადყოფნა კონსტრუქციული კონსულტაციებისთვის, რათა წარვადგინოთ ჩვენი არგუმენტები და შევიმუშაოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება დაბალანსებული და პრაქტიკულად განხორციელებადი. ასევე ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდანაც არსებობს სიგნალები დიალოგისა და კონსულტაციების მზაობაზე, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ამ რეგულაციის არსებული ფორმით ამოქმედება ჩვენი დარგისთვის ნიშნავს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს და შექმნის თანამშრომლების სერიოზული ოპტიმიზაციის საჭიროებას. არსებობს რეალური რისკი, რომ ზოგიერთმა კომპანიამ სრულად შეწყვიტოს საქმიანობა ან მნიშვნელოვნად შეამციროს წარმოება.
ცხადია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პლასტიკის მართვის ერთიანი პოლიტიკა, რომელიც მაქსიმალურად შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამ მიმართულებით ვადასტურებთ მზადყოფნას განვიხილოთ ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გლობალური პრაქტიკები და აქტიურად ჩავერთოთ ეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავებაში.
ამასთანავე, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ტექნოლოგიური რეალობაც. მაგალითად, გაზიანი სასმელების დიდ ფორმატებში ან ტეტრაპაკის შეფუთვაში ჩამოსხმა ტექნოლოგიურად შეუძლებელია, ხოლო მსგავსი ფორმატები მომხმარებლისთვისაც არ წარმოადგენს რეალისტურ ალტერნატივას", - ნათქვამია კომპანიის მიერ BM.GE-სთვის გამოგზავნილ პასუხში.
ცნობისთვის, 2027 წლის 1 თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის დამტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის შემთხვევაში 3 ლიტრზედიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს. შესაბამისად, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ბაზრიდან გაქრება ფაქტობრივად ყველა დასახელების ადგილობრივი წარმოების თუიმპორტირებული სასმელი, რომელიც დღეს პლასტიკის ბოთლებით იყიდება.