ახალი წლის სადღესასწაულო დღეებში, როგორც წესი იმაზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს მოვიხმართ, ვიდრე წლის სხვა ნებისმიერ პერიოდში. ,,კომერსანტი’’ დაინტერესდა, როგორი იყო ალკოჰოლური სასმელების გაყიდვების მაჩვენებელი იანვრის პირველ ნახევარში. ჩვენ სასმელების მაღაზიათა ქსელს ,,სმაგლერსს“ დავუკავშირდით. ქსელის რამდენიმე ფილიალის მენეჯერი აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით გაყიდვებმა სადღესასწაულო დღეებში თითქმის 50%-ით იკლო. მისივე თქმით, გაყიდვების განახევრება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.

,,საახალწლო დღეებში რა თქმა უნდა ყოველთვის უფრო მეტი სასმელი იყიდება. უბრალოდ, ქვეყანაში არსებული ფონიდან გამომდინარე ისეთი გაყიდვები არ იყო, როგორიც ზოგადად სხვა წლებში არის ხოლმე. ნაკლები იყო, რადგან ქვეყანაში არსებული ფონი სხვანაირია. მე რამდენიმე ფილიალს ვუყურებ და დაახლოებით 50%-ით ნაკლები იყიდება.’’- აცხადებს რამდენიმე ფილიალების მენეჯერი ,,კომერსანტთან’’ საუბარში.

ქსელური მარკეტების ხელმძღვანელი თორნიკე თაბაგარი ,,კომერსანტთან’’ განმარტავს, რომ როგორც წესი, ახალი წლის პერიოდში ალკოჰოლურ სასმელზე მოთხოვნა დაახლოებით 150%-ით იზრდება, თუმცა წელს მოთხოვნა შემცირებული იყო.

,,წინასაახალწლო პერიოდსა და ახალი წლის დღეებში ძირითადად ცქრიალა ღვინოსა და გარკვეული ტიპის ვისკებს მოიხმარდნენ. სადღესასწაულო პერიოდში ზოგადად 150%-ით იზრდება სასმლის გაყიდვები. აქციების ფონზე წელს მოთხოვნა შემცირებული იყო სასმელზე. მიწოდებაც გვიჭირდა.’’- ამბობს თორნიკე თაბაგარი.

ქსელური მარკეტების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ,,სმაგლერსს’’ შარშანდელთან შედარებით, წელს მეტი რეალიზაციის წერტილი აქვს. ქსელი თბილისში უკვე 15 მაღაზიას ფლობს. თორნიკე თაბაგარი ამბობს, რომ ამ გარემოებიდან გამომდინარე კარგი გაყიდვები ჰქონდათ.

,,რეალიზაციისთვის შარშანდელთან შედარებით მეტი წერტილი გვქონდა. დავიმატეთ ქსელური ობიექტები და შესაბამისად უფრო დიდ ბაზარზე ვიყავით. გაყიდვის წერტილი იყო მეტი და შესაბამისად რეალიზაციაც მეტი იყო.’’- განაცხადა ,,კომერსანტთან’’ საუბარში თორნიკე თაბაგარმა.