,,ლილო მოლის“ ტერიტორიაზე განთავსებულ ერთ-ერთ შენობაში გაჩენილმა ხანძარმა მაღაზია ,,7 სპილო“ დააზარალა. სწორედ დამწვარი შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული მაღაზიის საწყობი, სადაც მთლიანი პროდუქცია ინახებოდა. მენეჯერი ნინო ბეროშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში ზარალის ოდენობას ვერ ასახელებ. ამბობს, რომ საჭიროა შენობაში შესვლა და არსებული ვითარების გაცნობა. შენობის მეორე სართულზე 15-მდე მეწარმეს იჯარით ჰქონდა აღებული ფართი, სადაც გასაყიდი პროდუქციის საწყობები იყო განთავსებული. მათ შორის იყო სამოსიც.
,,ზარალს ვერ დავასახელებ. ჯერ უნდა დავთვალოთ. მთლიანი პროდუქცია აქ გვქონდა განთავსებული. დასათვლელია ზარალი. დაზღვეული გვქონდა. ცეცხლი გაჩნდა გვერდითა საწყობში. აქ იყო დიდი სასაწყობო სივრცე, სადაც 15-მდე მოიჯარე იყო. განთავსებული ჰქონდათ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. ჩვენ გვქონდა საახალწლო პროდუქცია.’’- აცხადებს ნინო ბეროშვილი.
,,7 სპილოს“ მენეჯერი იხსენებს, რომ ცეცხლის გაჩენამდე ერთ-ერთ საწყობში ე.წ. ბარგალკას ამუშავებდნენ. შენობაში ისმოდა ხელსაწყოს მუშაობის ხმა და იგრძნობოდა სპეციფიკური სუნიც. ნინო ბეროშვილი იხსენებს, რომ ცეცხლი სწორედ ამ საწყობში გაჩნდა, რის შემდეგადაც ის შენობის მეორე სართულს სრულად მოედო. ადგილზე მყოფმა თანამშრომლებმა ხანძრის ჩაქრობა თავად სცადეს. გამოიყენეს ცეცხლსაქრობი, თუმცა უშედეგოდ.
,,შემთხვევის დროს ადგილზე ვიყავი. თავიდან იყო „ბარგალკის“ სუნი. „ბარგალგას“ ამუშავებდნენ. მაგას ხომ თავისი სპეციფიკური სუნი აქვს. მერე ცოტა ხანში აალდა. ეს ჩანაწერებშიც კარგად ჩანს, როგორ ჩნდება ცეცხლი იმ საწყობში. მერე ავტომატურად გადმოვიდა ცეცხლი ჩვენთან. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლსაქრობი გამოვიყენეთ არაფერმა არ უშველა. უცებ აალდა ყველაფერი. სადაც გაჩნდა ცეცხლი იმ საწყობში ამუშავებდნენ ბარგალკას. ხმაც ისმოდა. გამოძიება დაადგენს, მაგრამ ფაქტია მანდ მოხდა რაღაც, რამაც გამოიწვია ზარალი. შემთხვევის დროს ჩვენს მაღაზიაში მომხმარებლები არ იმყოფებოდნენ. თანამშრომლები ვიყავით, ვალაგებდით.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში ,,7 სპილოს“ მენეჯერი ნინო ბეროშვილი.