საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის გარშემო, სადაც მათ შორის, საუბარია სურსათის მაღალ ფასებსა და ქსელური მარკეტების მოგების მაღალ მარჟაზე, რადიო „კომერსანტის“ ეთერში დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა რიჟამაძემ ისაუბრა.

როგორც ლაშა რიჟამაძე აღნიშნავს, პრემიერის განცხადებაში ნახსენებ პრობლემებზე დისტრიბუტორთა ასოციაცია წლებია, საუბრობს და ამ საკითხებზე სხვადასხვა სტრუქტურას არაერთხელ მიმართა.

„2-3 წლის წინ ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ინიციატივით საკანონმდებლო დონეზე მუშაობა დაიწყო. არ ვსაუბრობთ, რომ რაღაც ახალი უნდა ყოფილიყო გამოგონებული, რადგან არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა და მათ შორის, ევროკავშირის დირექტივაც, რომ საჭიროა გარკვეული ტიპის რეგულირება. ეს პროცესი ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო შეჩერდა და გვაქვს იმავე სახით, რაც სახითაც წლების განმავლობაში არსებობდა“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.

გარდა იმ პრობლემებისა, რაზეც ყურადღება პრემიერმა გაამახვილა, როგორც ლაშა რიჟამაძე განმარტავს, არსებულ სიტუაციაზე უარყოფით გავლენას სხვა ფაქტორებიც ახდენს. მათ შორის, საბანკო პროცენტი, რომელიც თუნდაც ევროპის მაგალითზე, 3 და 4%-ია, საქართველოში - 15%. ასევე, გაბარიტული საშუალებების შეზღუდვა, რამაც მნიშვნელოვანი ნეგატიური გავლენა იქონია გარკვეული ტიპის პროდუქციის ფასზე, რადგან ეს დამატებითი ხარჯი იყო ყველა კომპანიისთვის.

„ის გადასახადები, რაზეც პრემიერის განცხადებაშია მითითება, არსებობს და რა თქმა უნდა, ნეგატიურ გავლენას ახდენს საბოლოო ფასზე - მწარმოებელი ვალდებულია და იძულებულია, გარკვეული მოთხოვნები დააკმაყოფილოს, რათა საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებში იყოს განთავსებული, რაც ფასზეც აისახება“, - აცხადებს ლაშა რიჟამაძე და იმასაც დასძენს, რომ მხოლოდ ურთიერთობის ამ ნაწილის მოგვარება ფასებზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ საცალო ვაჭრობის ქსელურ ობიექტებთან ერთად კომპლექსურად განხორციელდეს ამ საკითხის შესწავლა და რეგულაციის ინსცენირება, რათა არ დაზიანდეს არც ერთი ბიზნესი. ნებისმიერ შემთხვევაში, ისეთი რეგულაციაც არ უნდა მივიღოთ, რომ მეორე მხარე, ანუ ქსელური მარკეტი, რომელიც აწესებს ამ მოთხოვნებს, ისე დაზარალდეს, რომ საერთოდ გაქრეს ბაზრიდან ან შეექმნას ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელმაც შეიძლება უფრო უარესი გავლენა მოახდინოს მომხმარებელზე.

სახელმწიფოს ნების არსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული ტიპის საგადასახადო საშეღავათო მიმართულებების განხორციელება, რასაც კეთილსინდისიერი ბიზნესი ფასში ასახავს“, - განაცხადა ლაშა რიჟამაძემ.