რუსეთის „როსნეფტის“ და „ლუკოილის“ ღირებულება ტრამპის სანქციების შემდეგ $5.2 მილიარდი დოლარით დაეცა, — ამის შესახებ The Moscow Times-ი იუწყება.

გამოცემის თანახმად, „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ აქციებმა ყველაზე დიდი ვარდნა განიცადეს მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, მას შემდეგ რაც რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას აშშ-მა სანქციები დაუწესა….

წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ ფინანსური მაჩვენებლების მკვეთრი ვარდნა უკვე აღენიშნებოდათ: პირველის მოგება სამჯერ შემცირდა, ხოლო მეორის - ორჯერ. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს „შავ სიაში“ მოხვედრა ქვეყნის უმსხვილესი ნავთობკომპანიებისთვის პრობლემებს ზრდის: მეორადი სანქციების შიშის გამო, შესაძლოა, კონტრაგენტების რაოდენობა შემცირდეს, რამაც შესაძლოა უცხოურ ბაზრებზე მიწოდების შემცირება გამოიწვიოს, „ალფა ბანკის“ ანალიტიკოსების აზრით.

აშშ-ის სანქციები, რომლებიც დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ პირველია, არა მხოლოდ თავად „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“, არამედ პირველის 30 და მეორის ექვს შვილობილ კომპანიასაც მოიცავს. „ალფა ბანკის“ ცნობით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებამ შესაძლოა „ლუკოილის“ სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვა გამოიწვიოს დუბაის სავაჭრო ერთეულის (Litasco Middle East) მეშვეობით, ხოლო „როსნეფტს“ პრობლემები შეექმნება ინდოეთში მიწოდებასთან დაკავშირებით.

„ლოჯისტიკის რესტრუქტურიზაციის პარალელურად, ექსპორტის მოცულობა შესაძლოა შემცირდეს და ფასდაკლებები (რუსულ ნავთობზე - TMT) სავარაუდოდ გაფართოვდება“, - ამბობს დიმიტრი პოლევოი, „ასტრა ასეტ მენეჯმენტის“ საინვესტიციო დირექტორი. მისივე თქმით, სიტუაცია შესაძლოა ნაწილობრივ შემსუბუქდეს ნავთობის ფასების ზრდით ან რუბლის შესუსტებით.

„ალორ ბროკერის“ ანალიტიკოსების აზრით, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, დააწესებს თუ არა აშშ მეორად სანქციებს ნავთობის ნაკადების მომსახურე ბანკების წინააღმდეგ: „როგორც წესი, ნავთობს გლობალურ ბაზარზე ყიდიან არა თავად მწარმოებლები, არამედ ნავთობით მოვაჭრეები, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოურმა ბანკებმა შესაძლოა ოფიციალურად არ განახორციელონ გადახდები რუსული კომპანიებისთვის“.