საქართველოს და რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო. 27 ივნისს, კონსტანცადან ფოთის მიმართულებით, E60 Shipping Line-ის მიერ განხორციელებული პირველი რეისი განხორციელდა. ბორანი ფოთის ნავსადგურში 29 ივნისს 20:00 საათზე შემოვა, რაც პირველი წარმატებით შესრულებული საბორნე მიმოსვლა იქნება რუმინეთსა და საქართველოს შორის. ფოთიდან კონსტანცაში კი აღნიშნული ბორანი 30 ივნისს გაემგზავრება და რეგულარულად იმოძრავებს.
როგორც E60 Shipping Line-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა გადამზიდავებისთვის და ზოგადად სატრანსპორტო სექტორისთვის და საქართველოს ევროპასთან დასაახლოებლად გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
კონსტანცას ნავსადგურში საბაჟო პროცედურების გავლას და ბორნის დატვირთვას მხოლოდ 6 საათი დასჭირდა, გზას რუმინეთიდან საქართველომდე მხოლოდ - 42 საათი.
„190-მეტრიანი ბორანი სახელწოდებით Vilnius-ი, რომელიც ქართულმა კომპანია E60 Shipping Line-მა დაფრახტა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საგზაო მარშრუტის - E60-ის შავ ზღვაზე გამავალ მონაკვეთს ემსახურება, რითაც ეს მარშრუტი ბოლომდე იკვრება, რაც არ მომხდარა მისი არსებობის დღიდან.
ფოთი-კონსტანცას საბორნე ხაზი, უმოკლესი გზაა კავკასიის და შუა აზიის ქვეყნების ევროპასთან დასაკავშირებლად, მას ალტერნატივა არ აქვს და დიდი მნიშვნელობის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. მის გამართულად მუშაობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრანსკასპიური შუა კორიდორის არსებობისა და განვითარებისთვის,“ - ნათქვამია E60 Shipping Line-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
E60 Shipping Line ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანიაა. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ამანათები და გადაზიდვები - Inex Group-ი, საერთაშორისო ფინანსური, სატელეკომუნიკაციო და ტურისტული სერვისები.