ვერტიკალური მეურნეობა საქართველოში ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის, თუმცა მოთხოვნისა და მიწოდების ჯაჭვების, ფასებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ვერტიკალურ მეურნეობებს საქართველოში საკუთარი ნიშნის პოვნა შეუძლიათ - ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო კონსულტანტმა ნიკოლოზ ჯაფარიძემ თბილისში გამართულ კონფერენციაზე - „უახლესი ციფრული ტექნოლოგიები ხილისა და ბოსტნეულის ბიზნესისთვის - შესაძლებლობები საქართველოსთვის" ისაუბრა.
ნიკოლოზ ჯაფარიძის თქმით, დღეს საქართველოში მხოლოდ 6 ვერტიკალური მეურნეობაა, მათი უმეტესობა საკმაოდ მცირე 150 კვადრატულ მეტრამდეა, თუმცა მათი მფლობელების უმეტესობა მომავალში მათ გაზრდას გეგმავენ რაც კარგის ნიშანია და შემოსავლიანობაზე და ბიზნესის მომგებიანობაზე დადებითად მეტყველებს.
ნიკოლოზ ჯაფარიძემ იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რაც საქართველოში ვერტიკალური მეურნეობების მომგებიანობის წინაპირობა უნდა გახდეს. ერთ-ერთი ასეთი ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაა, რომელიც სსფ - ის პროგნოზით 2027 წლისთვის საქართველოში 10 000 დოლარს მიაღწევს და რეგიონში ერთ-ერთ საუკეთესო ინდიკატორად იქცევა. აღნიშნული მაჩვენებელი ვერტიკალური ფერმებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათი პროდუქცია მაღალშემოსავლიან მოსახლეობაზეა გათვლილი.
FAO-ს კონსულტანტის თქმით, საინტერესო დინამიკა შეინიშნება იმ სექტორებშიც, რომელთაც ვერტიკალურ მეურნეობები თავიანთ პროდუქციას აწვდიან. კოვიდ პანდემიის შემდეგ ტურიზმისა და HoReca-ს სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება.
საქართველოში ვერტიკალური წარმოების განვითარების მხარდასაჭერ არგუმენტებს შორის ნიკოლოზ ჯაფარიძემ აღნიშნა ის ფაქტიც, რომ საქართველოში ვერტიკალური მეურნეობას ნაკლები დანახარჯი აქვს, ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ და უფრო ნაკლები შრომა სჭირდებათ ვიდრე აშშ-ში. რაც შეეხება მოთხოვნას, მზა პროდუქციაზე მოთხოვნა უფრო მაღალია.
„საქართველოში 1 კვტ/სთ-ის ღირებულება 10-12 ცენტია, აშშ-ში – 13 ცენტი, ხოლო სამუშაო ძალა გაცილებით იაფია. ამასთან, სხვადასხვა ინტერნეტ საიტის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში მომხმარებელი ხშირად უფრო მეტს იხდის ვერტიკალური მეურნეობების პროდუქციაში, ვიდრე აშშ-ში.
მაგალითად, საქართველოში ონლაინ 1 კგ-ს რომანოს სალათის ყიდვა 17 ლარად არის შესაძლებელი, ამერიკაში 8-13 ლარად, 1 კგ რუკოლა საქართველოში 128 ლარი ღირს, აშშ-ში კი -77 ლარი.
„თუ აშშ-ში ვერტიკალური ფერმა მომგებიანია თავისი ხარჯებითა და ფასებით, მაშინ ლოგიკურად ის საქართველოშიც მომგებიანი უნდა იყოს“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჯაფარიძემ.
ნიკოლოზ ჯაფარიძემ მიახლოებითი გამოთვლები (iFarm კალკულატორის გამოყენებით) წარადგინა იმის შესახებ, თუ რა ჯდება საქართველოში ვერტიკალური მეურნეობის მოწყობა. ამ გათვლებით, მაგალითად, 150 კვადრატული მეტრი ფართობზე ფერმის გახსნა, რომლის სიმაღლე 3,5 მეტრი იქნება (საკუთარ ტერიტორიაზე) 300 000 აშშ დოლარის ინვესტიციას საჭიროებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 1 კგ პროდუქტს 15 დოლარად გაყიდით ამ ინვესტიციის ამოღება ათ წელიწადში იქნება შესაძლებელი, ხოლო 20 დოლარის შემთხვევაში 5 წლის განმავლობაში.
ზოგადად, ვერტიკალური ფერმები საქართველოში ფოკუსირებული უნდა იყვნენ HoReCa სექტორზე, ნაკლებად – საცალო ქსელებზე. უმჯობესია წარმოების ორგანიზება მხოლოდ კონკრეტული ნიშის აღმოჩენის შემდეგ. სასურველია თავი აარიდოს კონკურენციას – ანუ ისეთი პროდუქტების შერჩევას, რომლებსაც ადგილობრივი ბაზარი ვერ მიაწვდის, ან შეუძლია, მაგრამ მხოლოდ მოკლე სეზონში. ჩემი აზრით, შედარებით იშვიათი ჯიშების სალათის ფოთლისა და მიკრომწვანილის წარმოება დღეს ყველაზე პერსპექტიულია ქართულ ვერტიკალურ მეურნეობებში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჯაფარიძემ.