2022 წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულა, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდის მიუხედავად, გარე ფაქტორების წყალობით, გასული წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რასაც თითქმის ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღიარებს.

 


თუმცა, მიმდინარე 2023 წელი მსოფლიოსათვის გამოწვევებითა და მოულოდნელობებით აღსავე იქნება. ომის საკითხი ჯერაც გადაუჭრელია, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები იძაბება, რეკორდულად მაღალი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე კი დასავლეთი რეცესიის საფრთხის წინაშე დგას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საერთშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები ვარაუდობენ, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა  4%-დან 6%-მდე გაიზრდება.

 


მთავრობის პროგნოზი — 5%

მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმდინარე წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. მთავრობის მიერ მომზადებული ალტერნატიული, ე.წ. ოპტიმისტური სცენარით, ეკონომიკა შესაძლოა, 6.3%-ით გაიზარდოს, ხოლო პესიმისტური სცენარი თუ განვითარდება, ეკონომიკა 2.5%-ით გაიზრდება.

 


საქართველოს ეროვნული ბანკი - 4%


ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ 2023 წლისთვის ყველაზე რეალისტური საქართველოს მშპ-ის 4%-იანი ზრდაა. 

 

 

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) — 4%

IMF საქართველოში მიმდინარე წელს მშპ-ს 4%-იან ზრდას მოელის, წინა პროგნოზი კი 5.8% იყო. IMF მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მდგრადი იყო და უკრაინაში ომით გამოწვეულმა შედეგებმა მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტი იქონია. ეკონომიკური ზრდა და ლარის გამყარება კი ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშირებულმა მიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, საქართველოს გავლით სავაჭრო ტრანზიტის ზრდამ განაპირობა.

 


მსოფლიო ბანკი (WB) — 4.4%

საქართველოში 2023 წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4.4 პროცენტამდე შენელება, თუმცა, რეგიონულ საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, მაღალ დონეზე შენარჩუნება, მიიჩნევს მსოფლიო ბანკი. WB-ის დოკუმენტის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში, სავარაუდოდ, მკვეთრად შესუსტდება 2022 წელს არსებული შვიდი პროცენტიდან სამ პროცენტამდე, რადგან ზრდა შენელდება ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში.

 

აზიის განვითარების ბანკი (ADB) — 4.5%

ADB-ს ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2023 წელს შესაძლოა შენელდეს რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლისა და ფინანსების შემცირებული შემოდინების გამო, ხოლო 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი. ADB წელს საქართველოს ეკონომიკის 4.5%-იან ზრდას პროგნოზირებს. მათი შეფასდებით, მშპ 5%-მდე გაიზრდება 2024 წელს მომსახურების სფეროში მზარდი მოგების გამო.

.


Galt&Taggart — 4.8%

Galt&Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა წელს 4.8%-ით გაიზრდება, ხოლო პოზიტიურ სცენარში ზრდა 6.9%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

 


TBC Capital — 6.4%

თიბისი კაპიტალი კი ბოლო მიმოხილვაში აუმჯობესებს 2023 წლის ეკონომიკის ზრდის მოლოდინს 5%-დან 6.4%-მდე.