10 თვიანი პაუზის შემდეგ, პარაპლანით ფრენა რეგულაციების დაცვით შესაძლოა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყოს. როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ "საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის" თავმჯდომარემ, ირაკლი კაპანაძემ აღნიშნა, მთავრობის დადგენილების მიხედვით, პარაგლაიდინგის ფედერაციამ ფრენების დაწყებამდე 4 პროფილური კომისია უნდა დააკომპლექტოს.

„მთავრობის დადგენილებაში წერია, რომ საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციამ 9 ივნისამდე უნდა დააკომპლექტოს 4 პროფილური კომისია. ესენია: პილოტების კვალიფიკაციის დადასტურება-აღიარების კომისია,  საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის აღიარების კომისია, საფრენი ადგილების სერტიფიცირების აღიარების კომისია და მეოთხე კომისია, რომელიც ამ სამი მექანიზმის შესრულებას შეამოწმებს.

ფრენების აღდგენისთვის საჭირო პროცედურები უკვე დაწყებული გვაქვს, აქ საჭიროა საჰაერო სივრცის დათმობა-გამოყოფა, რისთვისაც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს უნდა მივმართოთ, ასევე უნდა განიხილოს საქაერონავიგაციამ, ეს სამუშაო პროცედურები უკვე დაწყებული გაქვს“ - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.

კაპანაძის თქმით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციას დავალებული აქვს, რომ კომისიები 9 ივნისამდე შეიქმნას. კაპანაძე ამბობს, რომ ამ კომისიების  შექმნა მოესწრება, თუმცა კომერციული ფრენების დასაწყებად საჭიროა თეორიული და პრაქტიკული გამოცდების  ჩაბარება, საფრენი აღჭურვილობის შემოწმება და საფრენი ადგილის  სერტიფიცირება, როგორც კაპანაძე აღნიშნავს, ამ  საკითხში  ყველაზე დიდი კითხვები დაინტერესებული მხარეების ჩართულობასთან დაკავშირებით არის.

“9 ივნისამდე ჩვენ კომისიების ფორმირებას მოვრჩებით, მაგრამ თუ არავინ არ მოგვმართა და არ განაცხადა, რომ გამოცდაზე გამოსვლა უნდა, კომისია კომისიად  დარჩება, სამმა კაცმაც  რომ მოგვმართოს და გამოცდის  ჩატარება მოითხოვოს, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ამ სამ კაცს გამოცდა ჩავუტაროთ, ვერც ერთი ორგანიზაცია ვისაც  კომერციული ფრენების  განხორციელება სურს ამ სამ ასპექტს გვერდს ვერ აუვლის.  ამ ეტაპისთვის საგამოცდო განაცხადები მიღებული არ გვაქვს.

ჩვენ ფედერაციაში გვქონდა სასწავლო პროგრამა, ვატარებდით გამოცდებსაც, ჩვენი ფედერაცია 2010 წელს დაფუძნდა და მას მერე ვმუშაობთ, ეს რეგულაციები  ჩვენთვის არ არის ის, რაც  არასდროს გვიკეთებია და არც არაფერი სიახლეა, არც ჩვენი მოფიქრებულია აქ რამე, ყოველთვის ვცდილობდით, რომ ევროკავშირის  სტანდარტებით გვეხელმძღვანელა და საერთაშორისო პრაქტიკა  გაგვეზიარებინა“ ,  - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.

ირაკლი კაპანაძე განმარტავს, რომ განაცხადის შემთხვევაში, კომისია იმუშავებს და შესაბამის დასკვნებს დადებს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ განაცხადები კომისიაში  არ შევა, ფრენების აღდგენა გადაიდება. თუმცა მისივე თქმით ეს არ  ნიშნავს იმას, რომ რეკრეაციული სავარჯიშო და საწვრთნელი ფრენები არ იქნება.

„სიმართლე გითხრათ  რას ელოდებიან არ ვიცი, ძალიან ბევრი მფრინავია, რომლებსაც კომერციული ფრენების  გარდა არაფერი არ აინტერესებთ, მაგრამ  ჯერჯერობით  განაცხადი არ შემოაქვთ,  თუმცა 9 ივნისამდე დრო არის, ვიღაცამ შეიძლება  დღე  შემოიტანოს განაცხადი და მიიღოს  ნებართვა, ვიღაცამ შეიძლება  ოქტომბერში და შემდეგ დაიწყოს ფრენები“, - აღნიშნა ირაკლი კაპანაძემ.