შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“  და „შპს რესტრო 2“-ს  სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების მიერ შემოწმდა კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“  და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა.

უწყებამ ასევე დაავალდებულა კომპანია სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი, როგორ ზეგანაკვეთური ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.

ამჟამად კომპანიიდან გამოთხოვილ დოკუმენტაციას შრომის ინსპექციის სამსახური სწავლობს.

„კომპანია30 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმდა. ასევე, შევისწავლეთ როგორც აჭარის, ასევე თბილისის რეგიონში არსებული, ჯამში კომპანიის 3 ობიექტი. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, კომპანიას შეუჩერდა საქმიანობის პროცესი. გარდა ამისა, დაევალა, რომ ყველა ის დანაკლისი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლებს ჰქონდათ, ვგულისხმობ, როგორც ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, თუ სხვადასხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლების რეალიზებას, აანაზღაუროს და კუთვნილი თანხობრივი ოდენობით მისცეს დასაქმებულ ადამიანებს“,- განაცხადა შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რესტორან „რეტროს“ ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც რესტორნის მფლობელი თანამშრომელს ხელს კრავს და დაწესებულებიდან აგდებს.

მისივე ინფორმაციით, რესტორნის მფლობელმა, თეიმურაზ ვარშანიძემ თანამშრომელზე ფიზიკური ძალადობა ქუჩაშიც გააგრძელა.

შინგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა.