„მე ამ რეგულაციის საჭიროების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ“- ასე გამოეხმაურა „კომერსანტთან“ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე  ტურისტული მომსახურების სფეროში ახალი რეგულაციების მოსალოდნელ დაწესებას. საქმე ეხება კანონპროექტს, რომლის შედეგად, სსიპ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ზედამხედველის ფუნქციები ენიჭება. „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით ტუროპერატორი და კომბინირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებული ხდება, შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევისთვის, ფინანსური უზრუნველყოფა იქონიოს.

ცოტნე ჯაფარიძის თქმით, ახალმა რეგულაციამ შესაძლოა ცალკეულ გიდებს და კომპანიებს  ფინანსური ზარალი მიაყენოს, რადგან  საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა.

„მე ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არის ეს საჭირო, ერთადერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი და კატასტროფა არის ის, რაც  რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ხდება და ამას  არანაირი გამართლება არ აქვს. ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეს არ უნდა ჰქონდეს იმის უფლება, რომ 1 წლით ჩამოვიდეს საქართველოში და დარჩეს და საქართველოს მოქალაქეს  ნებისმიერ საქმეში  კონკურენცია გაუწიოს.

ამ ახალმა რეგულაციამ შესაძლოა კომპანიებს ზარალი მიაყენოს, იმიტომ რომ ეკონომიკური მდგომარეობა  საქართველოში სახარბიელო არ არის,  შესაბამისად, დამატებითი ფინანსური თუ არაფინანსური  სახელმწიფო  კონტროლი პრობლემას შეუქმნის ადამიანს.“ - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის  თქმით, გადაწყვეტილების მიმღები პირების ხელში დაწერილი კანონები მხოლოდ  ფურცელზე დაწერილია და ქვეყნისთვის არანაირი  სარგებელი არ მოაქვს.

„მე არ  ვარ რეგულაციების და ჩარევის მომხრე, ჩვენ ამის ორი  მაგალითი გვაქვს. ერთია ტექდათვალიერება, როდესაც მხოლოდ იმაში ვიხდით თანხას, რომ  შემოწმების დროს იყოს მანქანა მწყობრში და ჰაერის დაბინძურების ყველაზე  დიდი  მაჩვენებელი გვაქვს მაინც და მეორე  არის ის, რომ მიუხედავად რეგულაციებისა ქუჩებში მაინც  ქაოსია და მაინც გადაადგილდებიან  მანქანები ბასლაინებზეც და ველობილიკებზეც,“- აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.