პარლამენტის ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო რეფერენტულ ფასებს აქტიური რეგისტრაციის სტატუსის მქონე კიდევ 700-მდე მედიკამენტზე განსაზღვრავს.
ეს 2023 წელს დაწყებული რეფორმის მომდევნო ეტაპია და ამჯერად საუბარია ანთების საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მართვისთვის საჭირო და სხვა ხშირად მოხმარებად პრეპარატებზე. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მისი მიზანი მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და დაგეგმილი ცვლილებები წარუდგინა.
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის შეფასებით, რეფერენტული ფასების სიის გაფართოება მედიკამენტების გაიაფების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია.
სექტორის წარმომადგენლების თქმით, ახალი მექანიზმით სამედიცინო ბაზრის მოთამაშეები ფასების კორექტირების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთვებიან.
,,საპარლამენტო ფასების რეკომენდაციებს გავეცანი, სადაც ცალსახად იყო აღნიშნული, რომ რეფერენტული ფასების სიის გაფართოება ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტია მედიკამენტების გასაიაფებლად, ამაზე ყველა ვთანხმდებით.
ეს შემთხვევა გამორჩეულია, რადგან საპარლამენტო კომისიამ რეფერენტული ფასებით გასაყიდი წამლების სია კერძო სექტორს წინასწარ გააცნო და 2-კვირიანი ვადა მიეცათ, რათა მოსაზრებები წარადგინონ.
ადრე ზედაპირული ინფორმაცია ქვეყნდებოდა, მაგრამ არა დეტალური ინფორმაცია, რომლის გამოქვეყნების შემდეგაც სექტორს ჰქონდა შეზღუდული დრო, რათა კომენტარი გაეკეთებინა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს 2-კვირიანი პერიოდი მოხმარდეს იმის გაანალიზებას თუ რამდენად სწორად არის დათვლილი რეფერენტული ფასები. ამიტომ, ფარმაცევტული კომპანიები ძალიან დადებითად შევხვდით ამ სიახლეს.
როდესაც რეფერენტული ფასი ქვეყნდება, ყველა კომპანიას აქვს დადგენილი ვადები, რომლის განმავლობაშიც უნდა გაასაჩივროს, თუ მისთვის რამე მიუღებელია. თუმცა, ახალი რეკომენდაციებით, შეცდომები მინიმუმამდე დადის- რეფერენტული ფასის დანერგვა ძალიან ბევრ და რთულ კალკულაციას მოითხოვს. ამ სისტემის დანერგვიდან ჩვენ ბევრი შეცდომა გვქონდა, რასაც სამინისტროც აღიარებდა და ამბობდნენ, რომ ეს რთული პროცესი იყო და მოდით, ამ შეცდომებზე ვიმუშაოთ. ადრე ეს პოსტფაქტუმ ხდებოდა, ახლა- ყველაფერი წინასწარ გადაიხედება და შეიძლება ბაზრის მოთამაშემ თქვას: ამ ფასის კალკულაციას კიდევ ერთხელ გადავხედოთ, ხომ არ არის შეცდომა.
არსებობს ალბათობა, რომ რეფერენტული ფასების სიაში რომელიმე მედიკამენტი გამორჩენილია, ახლა ეს ხარვეზი აღმოფხვრილია",- აღნიშნა ირაკლი მარგველაშვილმა "კომერსანტის" ეთერში.